
უკრაინა პროტესტს გამოხატავს საქართველოს მიმართ ციხეში მყოფი მიხეილ სააკაშვილისადმი არაჰუმანური მოპყრობის გამო. ამის შესახებ RBC-უკრაინა საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.
„სსრკ-ს НКВД -ის ყველაზე ცუდი ტრადიციების თანახმად, საქართველოს ხელისუფლება იყენებს ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობას მიხეილ სააკაშვილისადმი, უარს ეუბნება მას სასწრაფო საჭირო სამედიცინო დახმარებაზე და მიზანმიმართულად უქმნის უშუალო საფრთხეს მის სიცოცხლეს“ - ნათქვამია განცხადებაში.
საგარეო საქმეთა სამინისტრო სააკაშვილის მიმართ ასეთ მოპყრობას ადამიანის უფლებების უხეში დარღვევად აფასებს, რაც ეწინააღმდეგება თბილისის კურსს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ.
სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს, გადასცეს სააკაშვილი უკრაინას და ასევე, მიმართავს უცხოეთის მთავრობებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დასაცავად.
„მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მიხეილ სააკაშვილის აბუჩად აგდება და გადასცეს ის უკრაინას. ნუ ეთამაშებით ადამიანის სიცოცხლეს პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით" - აღნიშნავენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მსოფლიო საზოგადოებას მოუწოდა, ყურადღება მიაქციონ სააკაშვილის საქართველოში შენარჩუნების საკითხს და გადაარჩინოს მისი სიცოცხლე.
თავის მხრივ, უკრაინის ომბუდსმენი დიმიტრი ლუბინეც სთხოვს საქართველოს ხელისუფლებას, მისცეს მას ნება, მოინახულოს მძიმე მდგომარეობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი.
0
0