
უკრაინაში საქართველოს ელჩს პირადად მოსთხოვეს ქვეყნის დატოვება.
გიორგი ზაქარაშვილის პირველ კომენტარს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს, საიდანაც ცნობილი ხდება, რომ ქართველი დიპლომატი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გუშინ შეხვდა, რომელმაც თბილისში დაბრუნება და მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით, კონსულტაციების გამართვა სთხოვა:
"გუშინ დილით მქონდა შეხვედრა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან. ბატონ პერებიინისთან, რომელმაც ამ შეხვედრის მსვლელობისას მაუწყა უკრაინის პოზიცია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით და შესაბამისად, მთხოვა ქვეყნის დატოვება საქართველოში კონსულტაციების გამართვის მიზნით, შეხვედრიდან 48 საათის განმავლობაში, რაზეც ცხადია დავეთანხმეთ, ვინაიდან ეს იყო უკრაინის პრეზიდენტის მოთხოვნა და თხოვნა, თუმცა უკრაინის მხარეს განემარტა ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს მხარის პოზიცია და ხაზი გაესვა, რომ ის მოთხოვნა და შეშფოთება, რომელიც დაფიქსირებულია უკრაინის ხელისუფლების მიერ, არ შეესაბამება სინამდვილეს რაც დადასტურებულია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით და სხვა მრავალი ფაქტით, რომელიც გავრცელდა არაერთხელ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან.
აღინიშნა, რომ ცხადია, რომ ეს მოვლენა ხელს უშლის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას და შესაბამისად, ქმნის გარკვეულ პრობლემებს კომუნიკაციისათვის, მათ შორის." აცხადებს ქართველი დიპლომატი გავრცელებულ აუდიოკომენტარში.
ამასთან, როგორც გიორგი ზაქარაშვილი აღნიშნავს, შეხვედრაზე ასევე საუბარი საქართველოს მიერ უკრაინისთვის გაწეულ ჰუმანიტარულ და პოლიტიკურ მხარდაჭერას შეეხო. მისივე თქმით, საქართველო უკრაინის დახმარებას კვლავ გააგრძელებს.
„ასევე, აღნიშნა და უკრაინის მხარემ ისედაც კარგად იცის, განსაკუთრებით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომ რუსეთის ინტერვენციის პირველივე დღიდან, საქართველო მაქსიმალურ ჰუმანიტარულ და პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებს უკრაინას, მათ შორის, ყველა საერთაშორისო მოედანზე - გაეროში, ეუთოში, ევროსაბჭოში, ანუ, ყველა მნიშვნელოვან საერთაშორისო ორგანოში, სადაც შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღება. აქ ყველგან საქართველო იდგა უკრაინის გვერდით, ისევე როგორც ჰუმანიტარულ ნაწილში. არა მხოლოდ ჰუმანიტარული ტვირთი გამოიგზავნა ინტერვენციის პირველივე დღეებიდან, ასევე გაკეთდა სხვა ჰუმანიტარული პროექტი, მათ შორის, 300-ზე მეტი ბავშვი ჩამოვიდა საქართველოში დასასვენებლად და ჩემ მიერ აღინიშნა, რომ მიუხედავად ბოლო მოვლენებისა, ეს პროექტები აუცილებლად გაგრძელდება, ვინაიდან, როგორც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, საქართველო უკრაინელი ხალხის და მეგობარი ქვეყნის დახმარებას გააგრძელებს,“ - აღნიშნა ელჩმა.
0
0