
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ანდრეი სიბიგას განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების, რუსეთისა და ჩინეთის ლიდერების სამმხრივი შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ ომის გაგრძელებისკენ წაახალისებს.
ამის შესახებ სიბიგამ სოციალურ ქსელ „იქსში“ დაწერა.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ვლადიმერ პუტინის ადგილი ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და ჩინეთის ლიდერ სი ძინპინის გვერდით არ არის, სულ მცირე, იქამდე, ვიდრე რუსეთი უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმებს აგრძელებს.
„პუტინის ასეთ შეხვედრაზე მიწვევა კიდევ უფრო გააძლიერებდა პუტინის თვითგანდიდების სურვილს და მიანიჭებდა სტატუსს, რომელსაც ის არ იმსახურებს. ის არ არის გლობალური ლიდერი, ის ომის დამნაშავეა. რუსეთი კი არ არის გლობალური ძალა, ის გლობალური პრობლემაა“, – დაწერა სიბიგამ.
ამასთან, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით, უკრაინის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის ლიდერების სამმხრივმა შეხვედრამ შესაძლოა, ომის უფრო სწრაფად დასრულებას შეუწყოს ხელი.
ცნობისთვის, მანამდე ამერიკულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპსა და სი ძინპინს მომდევნო თვეში სამმხრივი შეხვედრის გამართვა შესთავაზა. გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი უკრაინაში ომის დასრულების საკითხის განხილვა უნდა იყოს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ დაადასტურა, რომ მსგავსი შეხვედრის შესაძლებლობაზე საუბარი მიმდინარეობდა, თუმცა განაცხადა, რომ სამმხრივი სამიტის გამართვა ჯერჯერობით შეთანხმებული არ არის.
0
0