უკრაინის პრეზიდენტის ყოფილმა პრესსპიკერმა, იულია მენდელმა განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი 2022 წელს მზად იყო, ომის დასრულების სანაცვლოდ დონბასი რუსეთისთვის გადაეცა.
ზელენსკის ოფისში ეს ინფორმაცია უარყვეს და აღნიშნეს, რომ ყოფილი სპიკერი მოლაპარაკებებთან საერთოდ არ იყო დაკავშირებული, ასევე, ეჭვქვეშ დააყენეს მისი განცხადებების ადეკვატურობა.
იულია მენდელთან ამერიკელმა ჟურნალისტმა, ტაკერ კარლსონმა ჩაწერა ინტერვიუ.
მენდელის თქმით, 2022 წლის გაზაფხულზე სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების დროს უკრაინული დელეგაცია მზად იყო, ომის შესაჩერებლად რუსეთის ყველა მოთხოვნას დათანხმებოდა. ყოფილ სპიკერს მტკიცებულება არ წარმოუდგენია და ეყრდნობა ანონიმურ პირებთან საუბრებს, რომლებიც, მისივე თქმით, უშუალოდ წარმოადგენდნენ უკრაინას სტამბოლში.
„ვესაუბრე ადამიანებს, რომლებიც 2022 წელს სტამბოლის მოლაპარაკებებზე უკრაინას წარმოადგენდნენ. მათ დეტალურად ამიხსნეს, რომ ყველაფერზე დათანხმდნენ. უფრო მეტიც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მათ თქვეს, რომ ზელენსკი პირადად დათანხმდა დონბასის დათმობას“, – ამბობს კარლსონთან ინტერვიუში ზელენსკის ყოფილი პრესმდივანი.
პრეზიდენტის ოფისში ყოფილი თანამშრომლის განცხადებები კატეგორიულად უარყვეს და აღნიშნეს, რომ მენდელი სახელმწიფო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არანაირად არ ყოფილა ჩართული, არც მოლაპარაკებების პროცესში მონაწილეობდა.
„ეს ქალბატონი მოლაპარაკებებში არ მონაწილეობდა, გადაწყვეტილებების მიღებაში არ მონაწილეობდა, დიდი ხანია, არაადეკვატურია. ვინ რას უყვება, ან საერთოდ მოხდა თუ არა ეს, სერიოზულ კომენტარს არ საჭიროებს“, – განაცხადეს უკრაინის პრეზიდენტის ოფისში.
ზელენსკის ყოფილმა პრესმდივანმა კარლსონთან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტს დიქტატორი, თვალთმაქცი და ნარკოტიკების მომხმარებელი უწოდა.
„მასთან როცა ვმუშაობდი, მოითხოვდა, მხოლოდ პოზიტიური ამბები გაგვევრცელებინა. ერთხელ თქვა, მას ისეთი პროპაგანდა სჭირდებოდა, როგორიც გებელსს ჰქონდა. პირადად მე არასდროს მინახავს, რომ ნარკოტიკებს მოიხმარდა, მაგრამ ამას ბევრი ადამიანი მიდასტურებდა. დღეს ზელენსკი მშვიდობის გზაზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაბრკოლებაა. ის არ არის ის, ვისაც თქვენ ხედავთ. ის მართლაც დიდი მსახიობია და მუდმივად იცვლის ნიღბებს. საკუთარ ემოციებს ვერ აკონტროლებს, ისტერიულად იქცევა და თითოეულ ადამიანს გამოსაყენებელ რესურსად მიიჩნევს. ომის დასრულება მისთვის პოლიტიკური თვითმკვლელობაა. ის დიქტატორია. ზუსტად ვიცი: მას ეგონა, რომ ხელისუფლებაში სამუდამოდ მოვიდა“, – ამბობს ინტერვიუში მენდელი.
იულია მენდელი ზელენსკის პრესმდივნად 2019-2021 წლებში მუშაობდა.