25/11/2024
15:53
მსოფლიო
აშშ-ს ახლად არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მომავალმა მრჩეველმა მაიკ უოლცმა რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის სანგრებს შეადარა და მიმდინარე კონფლიქტს ადამიანთა ხორცსაკეპი უწოდა. მისი თქმით, კონფლიქტი აუცილებლად უნდა შეწყდეს და ამისთვის შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება.
"ამ ფრონტზე ეს უბრალოდ არის ადამიანთა და ტექნიკის აბსოლუტური ხორცსაკეპი. ეს უფრო პირველი მსოფლიო ომის სანგრების ომს ჰგავს". - თქვა უოლცმა.
უოლცმა ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ უკრაინისთვის ქვეითთა საწინააღმდეგო ნაღმების გადაცემაზეც ისაუბრა, მისი თქმით "ჭკვიანი ნაღმების მიწოდება უნდა იყოს უფრო ფართო სტრატეგიის ნაწილი ამ კონფლიქტი დასრულებისთვის."
უოლცმა აღნიშნა, რომ ტრამპი მიმდინარე კონფლიქტით "უაღრესად შეშფოთებულია". მას ასევე დაუსვეს კითხვა, თუ რატომ არ საუბრობს აშშ-ს ახლად არჩეული პრეზიდენტი უკრაინაში შექმნილ ვითარებაზე, რაზეც უოლცმა უპასუხა, რომ თეთრი სახლის მომავალი ხელმძღვანელი ძალიან შეშფოთებულია კონფლიქტის ესკალაციით და სამომავლო სცენარის განვითარებით.
"პრეზიდენტი ტრამპი წარმოუდგენლად შეშფოთებულია იმ მსხვერპლით, რაც იქ ხდება, და კვლავ, იმით თუ როგორ აღვადგინოთ შეკავების მექანიზმი და როგორ დავამყაროთ მშვიდობა? [...] ჩვენ გვჭირდება, რომ ეს [ომი] პასუხისმგებლობიან დასასრულამდე მივიყვანოთ. ჩვენ გვჭირდება, რომ აღვადგინოთ შეკავების პოლიტიკა, აღვადგინოთ მშვიდობა და წინ გავუსწროთ ესკალაციის კიბეს, მასზე პასუხის გაცემის მაგივრად". - თქვა უოლცმა ინტერვიუში". - თქვა ტრამპის მომავალმა მრჩეველმა.
ამას გარდა, უოლცის მიხედვით, მშვიდობის დამყარებაში "ევროპელებს მნიშვნელოვანი როლი ექნებათ" და ამასთანავე მნიშვნელოვანი იქნება აშშ-ს ენერგოპოლიტიკა.
0
0