„ირწმუნე უკრაინის!“ - ამ მოწოდებით უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის ორი წლის თავზე თბილისში უკრაინელებმა მსვლელობა რუსთაველის ძეგლიდან საქართველოს პარლამენტის შენობამდე მოაწყვეს.
აქციის ორგანიზატორების თქმით, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთი თავს დაესხა უკრაინას და დაიწყო სრულმასშტაბიანი შეჭრა, რომელიც მრავალწლიანი აგრესიული ომის კულმინაციაა.
„ომი რუსეთმა 10 წლის წინ დაიწყო ყირიმის ანექსიით. ორი წლის განმავლობაში უკრაინელმა ხალხმა მსოფლიოს აჩვენა სიმამაცის, გამბედაობის, გამძლეობისა და ერთიანობის მაგალითები სასტიკი, რიცხობრივად აღმატებული მტრის წინაშე. ძალიან მნიშვნელოვანია გავიხსენოთ და შევახსენოთ მთელ მსოფლიოს, რა ფასად არის მოპოვებული ჩვენი თავისუფლება, ჩვენი ბედნიერი და მშვიდობიანი მომავალი და მთელი ცივილიზებული სამყაროს სიმშვიდე“, - ამბობენ მსვლელობის მონაწილეები.
ღონისძიების ორგანიზატორი უკრაინელ აქტივისტთა გაერთიანებაა. სოლიდარობის მარშს უერთდებიან სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წევრები, რიგითი მოქალაქეები და სამოქალაქო აქტივისტები.
დღეს კი მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობები გაიმართა, მათ შორის, მწერალთა სახლში აჩვენეს მარიუპოლთან დაკავშირებული ფილმი.
სოლიდარობის შეკრებები გაიმართა საქართველოს სხვადასხვა ქალაქშიც.
ფოტო: რადიო თავისუფლება
0
0