07/05/2023
18:03
მსოფლიო
უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი აცხადებს, რომ უკრაინის კონტრშეტევის მიმართ გადამეტებული მოლოდინი არსებობს. ამის შესახებ განცხადება მან ამერიკულ გამოცემა „ვაშინგტონ პოსტთან“ ინტერვიუში გააკეთა.
„ადამიანების უმეტესობა რაღაც გრანდიოზულს ელოდება“, – განაცხადა რეზნიკოვმა და აღნიშნა, რომ ამ ადამიანებს, სავარაუდოდ, იმედგაცრუება ელით.
რეზნიკოვის თქმით, დასავლელმა პარტნიორებმა მას უთხრეს, რომ „საჭიროა წარმატების მორიგი მაგალითი“, რომელიც მათ უნდა დაანახონ საკუთარ ამომრჩევლებს.
„მაგრამ მე არ შემიძლია გითხრათ, როგორი იქნება ამ წარმატების მასშტაბი: 10 კილომეტრი, 30 კილომეტრი, 50 კილომეტრი, 100 კილომეტრი, 200 კილომეტრი?“ – ამბობს უკრაინის თავდაცვის მინისტრი.
რეზნიკოვის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების ყველა ქვედანაყოფი არ არის მზად კონტრშეტევისთვის, რადგანაც სამხედროების ნაწილი ნატო-ს წევრ ქვეყნებში მომზადებას გადის.
„ვაშინგტონ პოსტი“ წერს, რომ შეტევითი ოპერაცია, როგორც წესი, მოითხოვს დიდ უპირატესობას, ხოლო რადგანაც რუსული ძალები ყრუ თავდაცვაში არიან ფრონტის მთელ ხაზზე, რომლის სიგრძეც 1400 კილომეტრია, რთული სათქმელია, რამდენად წაიწევს წინ უკრაინა.
გამოცემის ცნობით, ძალების მობილიზება, რომლის დეტალები საიდუმლოდ რჩება, აიძულებს უკრაინელ მაღალჩინოსნებს, დაფიქრდნენ, თუ როგორი რეზულტატი იქნება საკმარისი, რათა შთაბეჭდილება მოახდინონ დასავლეთზე, განსაკუთრებით, ვაშინგტონში. ზოგიერთი კი შიშობს, რომ თუ უკრაინა წარუმატებელი აღმოჩნდება, კიევი, შესაძლოა, საერთაშორისო სამხედრო დახმარების გარეშე დარჩეს ან უკრაინას მოსთხოვონ მოსკოვთან მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა.
„ვაშინგტონ პოსტის“ მიხედვით, ასეთი მოლაპარაკებები დიდი ალბათობით მოიცავს რუსეთის მოთხოვნას სუვერენული უკრაინული ტერიტორიების ნაწილის გადაცემის შესახებ, რასაც უკრაინამ მიუღებელი უწოდა.
0
0