
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასულ 24 საათში, თავდაცვის ძალებმა რუსული ჯარების შეტევა მოიგერიეს ლუგანსკის ოლქის 2 და დონეცკის ოლქის 11 დასახლებულ პუნქტთან.
უკრაინის არმიის სარდლობის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე განახორციელეს 1 სარაკეტო და 15 საავიაციო დარტყმა და 40-ზე მეტი შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით. გენერალური შტაბის თანახმად, საავიაციო და სარაკეტო დარტყმების შედეგად დაზარალდა ხერსონის, ზაპოროჟიეს და დონეცკის ოლქების 6 დასახლებული პუნქტი. გენშტაბის ცნობით, ამ და სხვა მიმართულებებით მოწინააღმდეგე აქტიურად იყენებს ტანკებს და არტილერიასაც.
უკრაინის არმიის სარდლობის ოფიციალური მონაცემებით, გასულ 24 საათში, თავდაცვის ძალების ავიაციამ განახორციელა 29 დარტყმა და დადასტურებულია მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის, სამხედრო ტექნიკის და შეიარაღების თავმოყრის 21 ადგილის, 3 საყრდენი პუნქტის და საზენიტო სარაკეტო კომპლექსების 5 პოზიციის განადგურება. გენშტაბის ცნობითვე, უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს რუსეთის არმიის 2 ვერტმფრენი და 1 მოიერიშე თვითმფრინავი სუ-25, ხოლო სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის 4 ადგილი და საბრძოლო მასალების 1 საწყობი.
0
0