-share.jpg)
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მოკავშირის სერგეი ჩემეზოვის [იარაღის მწარმოებელი კორპორაცია Rostec-ის აღმასრულებელი დირექტორი] განცხადებით, თუ ვაშინგტონი უკრაინაში კონფლიქტის „პროვოცირებას“ გააგრძელებს და კიევს რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმის საშუალებას მისცემს, შეერთებული შტატები და მისი დასავლელი პარტნიორები გლობალური ომის გამოწვევის რისკის ქვეშ დადგებიან.
„რუსეთი თავდაჯერებულია და მას, მესამე წელია, უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ საწარმოებლად საკმარისი იარაღი აქვს. კრემლის პოზიცია ისაა, რომ ეს კონფლიქტი დასავლეთსა და რუსეთს შორის ბრძოლაა. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იმ სიტუაციისთვის, როდესაც დასავლეთი, შეერთებული შტატების მეთაურობით, ომს პროვოცირებს. ვერავინ დაადგენს ვადას, თუ როდის შეიძლება დასრულდეს ომი. კიევისთვის იარაღის მიწოდებით და მისთვის რუსეთის ტერიტორიებზე დარტყმების უფლების მიცემით, აშშ კონფლიქტს აღვივებს. რაც უფრო შორს მიდის ამერიკა, მით უფრო დიდია რისკი იმისა, რომ მსოფლიო გლობალურ კონფლიქტში ჩაითრიოს. უცნაურად ჟღერს, მაგრამ დასავლეთის ქვეყნებს, როგორც ჩანს, არ ესმით, რამდენად საშიშია ეს მათთვის“, - თქვა ჩემეზოვმა Reuters-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
როგორც ცნობილია, სერგეი ჩემეზოვი კგბ-ს ყოფილი გენერალია და ის, აღმოსავლეთ გერმანიაში, საბჭოთა კავშირის დაშლამდე, პუტინთან ერთად მსახურობდა. 71 წლის ჩემეზოვს აშშ-მა და ევროკავშირმა სანქციები დაუწესა მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2014 წელს ყირიმის ანექსია მოახდინა.
„მითია, რომ სანქციებისა და თავდაცვის გაზრდილი ხარჯების გამო, რუსულ მაღაზიებში ცარიელი თაროები იყო. შედით ნებისმიერ რუსულ ჰიპერმარკეტში და თავად დარწმუნდებით - „კარაქის პრობლემა“ არ არის... ასევე, ჩვენ არაერთხელ გავზარდეთ იარაღის წარმოება. Rostec-ის თანამშრომლების რაოდენობა წელს ათობით ათასით გაიზრდება. დასავლური კომპანიების (როგორიცაა Boeing (BA.N)) რუსული ბაზრიდან გასვლა [რისთვისაც, პირიქით, მადლობელნი ვართ] Rostec-ისთვის ახალ რგოლს ხსნის. მთავარი სტრესი უკვე გავიარეთ. მოვახერხეთ სიტუაციიდან ხელსაყრელად გამოსვლა და საჭირო დასკვნების გამოტანა: მაგალითად, რუსეთს დასავლეთის ქვეყნებთან ნდობაზე დამყარებული ერთობლივი ბიზნესი აღარ ექნება.
უცხოური თავდაცვის კომპანიები რუსეთის ეკონომიკაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას უკრაინაში კონფლიქტის შემდეგაც გააგრძელებენ. იარაღის ექსპორტი შემცირდა, მაგრამ საზღვარგარეთიდან რუსულ იარაღზე მნიშვნელოვანი მოთხოვნაა. ჩვენი პარტნიორები კეთილგანწყობილნი არიან და მზად არიან დაგველოდონ. ამ მოლოდინის პროცესში უკვე საკმაოდ დიდი რიგია", - აღნიშნა ჩემეზოვმა, თუმცა კონკრეტული პარტნიორი ქვეყნები არ დაუსახელებია.
0
0