
ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა, უკრაინის ევროკავშირში გაწევრების საკითხებსა და ქვეყნის ენერგოინფრასტრუქტურაზე იერიშების შესახებ ისაუბრა.
მარტა კოსმა არსებული ვითარება შეაფასა უკრაინაში ერთ-ერთ ელექტროსადგურზე ვიზიტის დროს, რომელიც ბოლო დროს რუსული ძალების დარტყმის სამიზნე გახდა.
ევროკომისარი გაფართოების საკითხებში აცხადებს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრება გარდაუვალია და ქვეყანა 2027 წლის ბოლომდე სრულად იქნება ენერგოდამოუკიდებელი და ინტეგრირებული ევროპის ენერგეტიკულ სისტემაში.
მისივე განმარტებით, უნგრეთი არ დაბლოკავს უკრაინის ბლოკში გაწევრების საკითხს.
„ჩვენ არ გვჭირდება ვიქტორ ორბანი იმ რეფორმების გასატარებლად, რომლებიც აუცილებელია უკრაინის ევროკავშირის წევრობისთვის. მიმაჩნია, რომ მიმდინარე მოვლენები და უკრაინის ევროკავშირის გაწევრება, რაც გარდაუვალია, უსაფრთხოების გარანტიების პოლიტიკური საყრდენია. და რატომ არის ეს ასე მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ ევროკავშირის ტერიტორიაზე ომი არასდროს ყოფილა“, – განაცხადა ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა.
ევროკომისარს გაფართოების საკითხებში ადგილზე დამწვარი დანადგარები და მართვის განადგურებული პანელები დახვდა. მან მოსკოვი იმ ენერგოინფრასტრუქტურაზე განზრახ თავდასხმაში დაადანაშაულა, რომელიც მილიონობით ადამიანს ელექტროენერგიით ამარაგებს.
„ჩვენ შევიმუშავეთ სპეციალური გეგმა, რომლის მიხედვითაც, უკრაინა 2027 წლის ბოლომდე სრულად იქნება ენერგოდამოუკიდებელი და ინტეგრირებული ევროპის ენერგეტიკულ სისტემასთან. შედეგად, შეწყდება შანტაჟი, თავდასხმები. უკრაინის ყველა მოქალაქეს საკმარისი ენერგია ექნება. მე ყველას, არა მხოლოდ უკრაინელებს, ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტას ვუსურვებ. 10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა მსოფლიო დღეა და ის, რასაც რუსეთი, პუტინი, აკეთებს, არ არის ადამიანური. ამიტომ შეწყვიტეთ მსგავსი ქმედებები, – ამბობს ევროკომისარი გაფართოების საკითხებში, მარტა კოსი.
მარტა კოსი 17 დეკემბერს გაწევრებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების შემდეგი ეტაპის მოსამზადებლად ევროკავშირის საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრას გამართავს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ კიევს შეუძლია დააჩქაროს რეფორმები და გაწევრების ვადა.
უკრაინამ ევროკავშირში გაწევრებაზე განაცხადი 2022 წელს, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან მალევე შეიტანა და იმედოვნებს, რომ ათწლეულის ბოლომდე ევროკავშირის წევრი გახდება.
0
0