
უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ ყოფილ ვიცე-პრემიერს, თემებისა და ტერიტორიების ყოფილ მინისტრს, ალექსეი ჩერნიშევს 60-დღიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა 51,6 მილიონი გრივნის გირაოს შეტანის ალტერნატივით . ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
ჩერნიშევი სახელმწიფო ენერგოკომპანიის „ენერგოატომის“ გარშემო აგორებული კორუფციული სკანდალის ერთ-ერთი ფიგურანტია. ის კორუფციულ სქემასთან კავშირს უარყოფს და აცხადებს, რომ არაფერი იცის ფსევდონიმის „ჩე გევარას“ შესახებ. როგორც მედია წერს, გამოძიების მიერ გამოქვეყნებულ აუდიოჩანწერებში „ჩე გევარათი“ საქმის სხვა ფიგურანტები სავარაუდოდ ჩერნიშევს მოიხსენიებდნენ.
უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალური ანტიკორუფციული პროკურატურის ცნობით, გამოძიებას დაფიქსირებული აქვს „ენერგოატომთან“ დაკავშირებული კორუფციული სქემის ფარგლებში ჩერნიშევისთვის 1,2 მილიონი დოლარის და თითქმის 100 ათასი ევროს გადაცემის ფაქტი.
ცნობისთვის, უკრაინის სპეციალური ანტიკორუფციული პროკურატურა და ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო კორუფციულ სქემას იძიებენ, რომლის ორგანიზატორად პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ახლო მეგობარს, სტუდია „კვარტალ 95-ის“ თანამფლობელს, ტიმურ მინდიჩს ასახელებენ.
როგორც ანტიკორუფციულ უწყებაში აცხადებენ, გამოძიების ფარგლებში გამოვლინდა მასშტაბური კორუფციული სქემა, რომელიც მოქმედებდა სახელმწიფო სექტორის სტრატეგიულ საწარმოში, კერძოდ, „ენერგოატომში“. კორუფციული სკანდალის ფონზე თანამდებობა დატოვეს უკრაინის იუსტიციის და ენერგეტიკის მინისტრებმა, რომლებიც ჩანაწერებში ფიგურირებენ.
უკრაინის ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროში აცხადებენ, რომ დანაშაულებრივი დაჯგუფების საქმიანობის გამოძიება – ოპერაცია „მიდასი“ 15 თვე გრძელდებოდა. ამ ხნის განმავლობაში დეტექტივების განკარგულებაში საქმის ფიგურანტების საუბრის ათასობით საათის ჩანაწერი აღმოჩნდა.
0
0