
უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურა მიესალმებიან პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ინიციატივას ახალი კანონპროექტის მომზადების შესახებ, რომელმაც ანტიკორუფციული ინსტიტუტების დამოუკიდებლობა უნდა უზრუნველყოს.
ამის შესახებ ნათქვამია ორი ანტიკორუფციული ინსტიტუტის ერთობლივ განცხადებაში.
„უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურა მზად არიან, შეუერთდნენ საკანონმდებლო გადაწყვეტილების განხილვას და მომზადებას, რომელიც აღმოფხვრის სამართლებრივ რისკებს, იქნება კანონის უზენაესობის სტანდარტების შესაბამისი და უზრუნველყოფს დიდ პოტენციალს უკრაინაში სამართლიანობის უზრუნველსაყოფად. მადლობლები ვართ კონსტრუქციული დიალოგისთვის და შეხვედრებისთვის, რომლებიც ხელს უწყობენ ერთობლივი მუშაობის აწყობას“, – ნათქვამია განცხადებაში.
ანტიკორუფციული ორგანოების განცხადებით, დეტექტივებისა და პროკურორების დამოუკიდებლობის შენარჩუნება საკვანძო პირობაა კორუფციული დანაშაულების გამოსაძიებლად და უკრაინის საერთაშორისო ვალდებულებების შესასრულებლად.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 22 ივლისს ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ანტიკორუფციული ორგანოების დამოუკიდებლობას ზღუდავს. კერძოდ, ცვლილებები ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის დამოუკიდებლობას აუქმებს და მათ გენერალური პროკურორის გადაწყვეტილებებს უქვემდებარებს. აღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილებას უკრაინის ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები და საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. გუშინ ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ქვეყნის პარლამენტს წარუდგენს კანონპროექტს, რომელიც უზრუნველყოფს სამართალდამცავი სისტემის სიმტკიცეს და ანტიკორუფციული ინსტიტუტების დამოუკიდებლობისთვის ყველა ნორმის დაცვას.
0
0