
საგარეო უწყების ცნობით, უკრაინიდან პოლონეთის მიმართულებით საქართველოს მოქალაქეების გაყვანის მიზნით, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და საგარეო საქმეთა სამინისტროს კოორდინირებით, დაინიშნა ავტობუსის სპეციალური რეისები ქალაქ ლვოვიდან.
„ავტობუსები ლვოვი-ვარშავის მიმართულებით დამატებით გავა 30 მარტს უკრაინის დროით 09:00 საათზე.
მისამართი: ლვოვი, უნივერსიტეცკაია N 1, ივანო ფრანკოს პარკი, ლვოვის ნაციონალური უნივერსიტეტის მხრიდან.
ავტობუსები გათვლილია 50 ადამიანზე, მოსახლეობის მშვიდობიანი ევაკუაციის მიზნით, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, შემდეგ ნომრებზე: +380 (63) 376 77 68; +380 (63) 376 73 64“, – აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, უკრაინაში განვითარებულ საომარ მდგომარეობასთან დაკავშირებით, საქართველოს დიპლომატიური მისიები კიევში, ოდესაში და ლვოვში განაგრძობენ საგანგებო, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას და ქმედით დახმარებას უწევენ საქართველოს მოქალაქეებს უკრაინის ტერიტორიის დატოვებისა და ჰუმანიტარული კუთხით.
0
0