
ვერხოვნა რადაში, უკრაინელმა დეპუტატებმა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ნობელის მშვიდობის პრემიაზე ნომინირების შესახებ კანონპროექტი წარადგინეს.
ვერხოვნა რადამ ნობელის კომიტეტს მშვიდობის პრემიაზე დონალდ ტრამპის ნომინირების თხოვნით უკვე მიმართა.
“პროექტი #14088 დაარეგისტრირა ხუთმა დეპუტატმა ჯგუფებიდან „მომავლისთვის“ (ანა სკოროხოდი, ანატოლი ურბანსკი, ტარას ბატენკო) და „უკრაინის აღორძინება“ (ოლექსანდრ იურჩენკო, ანატოლი ბურმიჩი). რეზოლუციის პროექტი პარლამენტის ხელმძღვანელობას განსახილველად წარედგინა. მისი ტექსტი ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა.
თუმცა, დაჯილდოების წესების თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტი 2025 წელს ჯილდოს მიღებას ვერ შეძლებს, რადგან ნომინაციის წარდგენის ბოლო ვადა (1 თებერვალი) უკვე გავიდა,” - ნათქვამია ვერხოვნა რადას ვებგვერდზე.
ტრამპი 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიაზე, თავდაპირველად, პაკისტანის მთავრობამ ივნისში წარადგინა, ინდოეთ-პაკისტანის კრიზისში მისი „მტკიცე დიპლომატიური ჩარევისა და გადამწყვეტი მნიშვნელობის ხელმძღვანელობისთვის “.
აგვისტოს დასაწყისში, ასევე იგივე გადაწყვეტილება მიიღეს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, თეთრ სახლში, აზერბაიჯანულ-სომხური დეკლარაციის ხელმოწერის შემდეგ, რომელიც სამხედრო ძალის გამოუყენებლობას ეხება.
თეთრი სახლის ცნობით, ტრამპის ნომინაციას ასევე მხარს უჭერენ კამბოჯის პრემიერ-მინისტრი ჰუნ მანეტი, გაბონის პრეზიდენტი ბრაის ოლიგი ნგუემა, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და რუანდის საგარეო საქმეთა მინისტრი ოლივიე ნდუჰუნგირეგე.
0
0