21/11/2024
21:01
მსოფლიო
გამოცემა Defense One-ის ინფორმაციით, უკრაინელი ოფიციალური პირები ცოტა ხნის წინ აშშ-ში, აიდაჰოს შტატში იმყოფებოდნენ, რათა ინფორმაცია მიეღოთ ბირთვული თავდასხმის შემთხვევაში, მტკიცებულებების შეგროვების შესახებ.
„უკრაინის შეიარაღებული ძალების ათმა ჯარისკაცმა და ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის ამდენივე თანამშრომელმა ერთი კვირა გაატარეს აიდაჰოს ნაციონალურ ლაბორატორიაში, სადაც თეორიულად სწავლობდნენ და პრაქტიკებს გადიოდნენ ბირთვული კრიმინალისტიკის სფეროში, აფეთქების შემდეგ ნამსხვრევების შეგროვების მიმართულებით“, - ნათქვამია სტატიაში.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ბირთვული სასამართლო ექსპერტიზა, რომელიც მოიცავს მეცნიერებას დეტონაციის დროს გამოყენებული ბირთვული მასალების წარმომავლობის განსაზღვრის შესახებ, შეერთებული შტატების შეკავების სტრატეგიის არსებითი ელემენტია.
„ბირთვულ მოწყობილობაში გამოყენებული მასალის წყაროს კვალის აღმოჩენა შეერთებულ შტატებს საშუალებას აძლევს, დარწმუნებით დააკისროს პასუხისმგებლობა ბირთვული ტერორიზმის აქტში მონაწილე ნებისმიერ სახელმწიფოს“, - წერს სტატიის ავტორი.
გამოცემის ცნობით, მაშინ, როდესაც უკრაინა ბირულ კონტრანადასთან ბრძოლის მიმართულებით პრაქტიკებს გადიოდა ბირთვულ კრიმინალისტიკაში, თანამდებობის პირები ცდილობდნენ, მეტი ინფორმაცია მიეღოთ იმის შესახებ, თუ როგორ გამოეყენებინათ ბირთვული კრიმინალისტიკა 2022 წლის თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, აფეთქების სცენარის შემთხვევაში.
„უკრაინა ძალიან სერიოზულად ეკიდება რუსეთის ბირთვული შეტევის საფრთხეს. ისინი ამ საკითხს აგრესიულად მიუდგნენ, რადგან მათთვის, ეს რეალური საფრთხეა“ - განუცხადა Defense One-ს დევიდ ჩიჩესტერმა, რომელიც რადიაციის გაზომვის სისტემების მიმართულებით მუშაობს და კონსულტაციას უწევს ბირთვულ კონტრგავრცელებასა და სასამართლო ექსპერტიზას.
გამოცემის ცნობით, სასწავლო წვრთნების დროს, დამცავ სამოსში გამოწყობილმა უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა შეისწავლეს ტერიტორიების გაწმენდის, მტვრისა და ნამსხვრევების შეგროვების სპეციფიკა, რადიაციისგან დამცავ კასრებში მათი მოთავსების ტექნიკა და ტრანსპორტირებისთვის მათი გამზადება.
უკრაინის დელეგაციის შეფასებით, ტრენინგი ეფექტური და სასარგებლო იყო.
„მსოფლიოში არ არსებობს ბირთვული სასამართლო ექსპერტიზის ჩასატარებლად იმაზე უკეთესი ადგილი, ვიდრე ეროვნული ლაბორატორიებია”, - განაცხადა ბირთვული უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაციის უფროსმა მრჩეველმა.
როგორც Defense One აღნიშნავს, უკრაინის გუნდის ვიზიტი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ იყო მხარდაჭერილი. ხოლო ტრენინგში მონაწილეთა ვინაობა უსაფრთხოების მიზნით არ გასაჯაროებულა.
0
0