
უკრაინაში, ნიკოლაევის ოლქის მკვიდრს, ვასილი რომანიშინს, რომელიც თავს ჯადოქარად მიიჩნევს, რუსეთის "უძლიერესი ჯადოქრების იმპერიის" ჯაშუშობაში დაადანაშაულეს.
უკრაინის უშიშროების სამსახურის ცნობით, რომანიშინმა შეაგროვა მონაცემები ნიკოლაევის თავდაცვის შესახებ და რუსეთის ФСБ-სა და ГРУ-ს გადასცა.
მან შექმნა კარტოგრაფიული მასალები Google Maps-ში, სადაც უკრაინულ ობიექტებს ნიშნავდა და ანონიმური მესენჯერების მეშვეობით უგზავნიდა მოკავშირეს. რომანიშინმა ეს გააკეთა "რუსეთის ჯადოქრების იმპერიის" მეშვეობით - წერს BBC სასამართლო გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით.
უკრაინის კონტრდაზვერვის ინფორმაციით, „იმპერია“ რეკრუტირების ცენტრია. ორგანიზაცია 2015 წელს დააარსა ალიონა ვორმვუდმა, რომელიც საკუთარ თავს მემკვიდრეობით ჯადოქარს უწოდებს. 2019 წელს ორგანიზაციამ გამართა ჯადოქრების შეხვედრა „რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის რეიტინგის ასამაღლებლად“, ასევე ჯადოქრების კონგრესები მოსკოვის მერიის მხარდაჭერით და ერთობლივი ღონისძიებები სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატებთან.
უკრაინელმა გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, “იმპერიამ” მოუწოდა თავის წევრებს, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებოდნენ, დაეხმარონ რუსეთის ჯარებს და რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურს.
ამ მიმართვების გავლენით, გამოძიება მიიჩნევს, რომ რომანიშინმა დაიწყო დაზვერვის მონაცემების შეგროვება და გადაცემა. ვარაუდობენ, რომ "იმპერიაში" შესვლისთვის მან გაიარა "ინიციაცია", რომელიც ითვალისწინებს "ნოვოროსიის შექმნის იდეების" ან "უკრაინის ტერიტორიების ანექსიის" ერთგულების გამოცდას.
გამომძიებლებმა ასევე დაადგინეს, რომ რომანიშინმა „დაალაიქა“ პოსტი „პუტინის მხარდაჭერის რიტუალით“. ამისთვის მას ბრალი ედებოდა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შეიარაღებული აგრესიის გასამართლებელი მასალების გავრცელებაში.
რომანიშინი სამი თვეა დაკავებულია. მას სამუდამო პატიმრობა ემუქრება.
0
0
იაპონიაში ტყის ხანძარს ებრძვიან
04/03/2025