22/11/2022
12:17
მსოფლიო
„წელს, უკრაინაში მილიონობით ადამიანს მკაცრი ზამთარი ემუქრება, რადგან ტეპეარტურის მკვეთრი კლების ფონზე, რუსეთი ქვეყნის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაბომბვას აგრძელებს,“ - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ.
ბოლო კვირების განმავლობაში, რუსეთმა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასიური შეტევა განახორციელა, რის გამოც, [ზამთრის დადგომისას] ქვეყნის მასშტაბით, მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშე დარჩა; ეს კი კიდევ უფრო ართულებს ჯანმრთელობის კრიზისს.
„უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ნახევარი განადგურებული ან დაზიანებულია. ეს უკვე უარყოფით გავლენას ახდენს ჯანდაცვის სისტემასა და ადამიანების ჯანმრთელობაზე. 10 მილიონი უკრაინელი ამჟამად ელექტროენერგიის გარეშეა. ეს ზამთარი იქნება გადარჩენის საკითხი. ქვეყნის ზოგიერთ რაიონში ტემპერატურა -20 გრადუს ცელსიუსამდე დაიკლებს. დამანგრეველი ენერგეტიკული კრიზისი, ფსიქიკური ჯანმრთელობის გამწვავება, ჰუმანიტარული ხელმისაწვდომობის შეზღუდვა და ვირუსული ინფექციების ზრდის რისკი ამ ზამთარს უკრაინის ჯანდაცვის სისტემისა და უკრაინელი ხალხისთვის რთულად გადასალახ გამოცდას წარმოადგენს. ხალხი აღმოჩნდება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გამოწვევების (რესპირატორული ინფექციების, როგორიცაა Covid-19, პნევმონია, გრიპი და დიფტერიისა და წითელას სერიოზული რისკი არავაქცინირებულ მოსახლეობაში) წინაშე“, - განაცხადა ჯანმო-ს ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს ჰენრი პ. კლუგემ, კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ჯანმო-მ, უკრაინაში რუსული არმიის შეჭრის შემდეგ, ქვეყნის ჯანდაცვის ინფრასტრუქტურაზე 700-ზე მეტი თავდასხმა დააფიქსირა.
0
0