
პოლიტოლოგმა გია ნოდიამ, spacesnews-თან ისაუბრა რუსეთ-უკრაინის ომის ახლანდელ მდგომარეობაზე. მან დასმულ კითხვაზე, თუ რა განაპირობებს ბოლო დროის უკრაინელების წარმატებას და რამდენად არის მოსალოდნელი რომ ამ შეტევების შედეგად ფრონტის ხაზზე გარდატეხა მოხდეს, განაცხადა, რომ გარკვეული გარდატეხა უკვე მოხდა.
,,გარკვეული გარდატეხა უკვე მოხდა. რაც უკვე მოხდა, აიხსნება პირველ რიგში, მორალური ფაქტორით. უკრაინელები იბრძვიან საკუთარი მიწისთვის, არიან მობილიზებული, მოტივირებული, თავგანწირული და რუსებმა, რიგითმა მებრძოლებმა, საერთოდ არ იციან რისთვის იბრძვიან და მოტივაცია არ აქვთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. მეორეა- შეიარაღების ფაქტორი. ამ ექვსი თვის მანძილზე, რუსეთმა დიდწილად დაკარგა დიდი უპირატესობა, რომელიც ჰქონდათ შეიარაღებაში. ნაწილობრივ, იმიტომ რომ, ელემენტარულად, დახარჯა თავისი რესურსები და უფრო მეტად იმიტომ, რომ უკრაინას ეხმარება დასავლეთი. ამის ხარჯზე, უკრაინამ, სულ მცირე, გააბათლა რუსეთის უპირატესობა, რომელიც მას აქვს რესურსებში და გარკვეული თვალსაზრისით, უპირატესობაც მოიპოვა’’ - განაცხადა გია ნოდიამ.
მან ასევე ისაუბრო ევროპაში ელექტროენერგიის პრობლემაზე და იმაზე, თუ რამდენად არის შანსი, რუსეთის დამარცხების შემთხვევაში, რუსეთმა სრულად გადაუკეტოს ევროპას გაზი.
,,ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ გაზის გადაკეტვის მიზანი არის შანტაჟი, რომ ევროპა აღარ დაეხმაროს უკრაინას მასზე ზეწოლა მოახდინოს და ის, რაღაც დათმობებზე წავიდეს. მაგრამ, ბოლო რამდენიმე დღის შეტევამ, ძალიან შეამცირა ამის შანსი. უკრაინელების მხარესაა ინიციატივა, სერიოზულ წარმატებებს მიაღწიეს და ამ პირობებში, უკრაინელებიც არ დათანხმდებიან, რომ გაჩერდნენ და ევროპელებიც ვეღარ ,,მიაწვებიან’’ მათ, რომ დათმობებზე წავიდნენ. შესაბამისად, უფრო ნაკლები შანსია, რომ თუნდაც ასეთმა რადიკალურმა ზომებმა, ევროპა ,,დააჩოქოს’’. თუ გადაუკეტავს რუსეთი გაზს, კი ბატონო, ეს ცუდია ევროპისთვის, მაგრამ ძალიან ცუდია რუსეთისთვისაც, რადგან ვეღარ მიიღებს შემოსავალს გაზიდან. ეს მათი ბიუჯეტის მთავარი შემოსავალია. ნავთობისგან განსხვავებით, რომელიც შეიძლება, მაგალითად, ჩინელს მიყიდო ადვილად, ან სხვა ქვეყნებს, გაზი მიედინება გაზსადენებით და თუ ევროპას გადაუკეტავ, ასე ადვილად სხვაგან ამ გაზს ვერ მიმართავ.'' - განაცხადა გია ნოდიამ
რაც შეეხება მოლაპარაკებებს, თუ რომელ მხარეს უფრო მეტად აწყობს მოლაპარაკებების წარმართვა, გია ნოდიამ განაცხადა, რომ ომის დასასრული არაპროგნოზირებადია, თუმცა უკრაინელების წინსვლამ, შესაძლოა, უფრო დააჩქაროს ომის დასრულების პროცესი.
,,მოლაპარაკება ორივე მხარეს შეიძლება აწყობდეს, გააჩნია რისთვის არიან მზად. უკრაინას არ უნდა მოლაპარაკება რადგან, ის არ არის მზად რუსეთს ტერიტორია დაუთმოს და იმედი აქვს, რომ მთლიანად გაანთავისუფლებს თავის ოკუპირებულ ტერიტორიებს. მაგრამ, ამ შეტევამდე, რუსეთის ინტერესებში იყო მოლაპარაკება. ჯერჯერობით, მე არ ვფიქრობ, რომ რუსეთი მზად არის ხელი აიღოს თავის დაპყრობილ ტერიტორიებზე, მაგრამ თუ განვითარდა მოვლენები და კიდევ უფრო მწარე მარცხის წინაშე იდგება რუსეთი, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ვითარება, როცა მოლაპარაკება უკვე უკრაინის პირობებით წარიმართება. მაშინ უკვე უკრაინას აწყობს მოლაპარაკება. ხოლო, ამ ეტაპზე, მოლაპარაკება აწყობს რუსეთს, რომ მან შეინარჩუნოს ის ტერიტორიები, რომლებიც უკვე დაიპყრო.
ომის დასასრული როდის იქნება არავინ იცის, მე არ მგონია რომ მალე, გაზაფხულამდე დასრულდეს. თუმცა, რა თქმა უნდა, უკრაინელების წინსვლისა და რუსების გაქცევის ერთგვარმა სისწრაფემ, გარკვეული იმედები გააჩინა, რომ ომი შეიძლება უფრო მალე დასრულდეს, ვიდრე აქამდე ველოდით. ჯერჯერობით, შეუძლებელია პროგნოზის გაკეთება.'' - განაცხადა გია ნოდიამ.
0
0