23/08/2023
20:08
მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინელებმა რუსეთის ფედერაციასთან სრულმასშტაბიან ომში გაიმარჯვეს იმ მხრივ, რომ რუსებს საშუალება არ მისცეს, გაენადგურებინათ მათი ქვეყანა, მაგრამ როგორც ზელენსკი აღნიშნავს, ეს, საბოლოო გამარჯვება არ არის.
UNIAN-ის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტმა ამის შესახებ ყირიმის პლატფორმის სამიტის გახსნითი დღის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და „შუალედური გამარჯვება“ უწოდა უკრაინის მიღწევებს.
„ახლა, უკრაინელები ცოტათი მოდუნებული არიან იმ აზრით, რომ ჩვენ უკვე გავიმარჯვეთ. ჩვენ ჯერ კიდევ არ გაგვიმარჯვია. ჩვენ გავიმარჯვეთ იმაში, რომ საკუთარი სახელმწიფოს განადგურების საშუალება არ მივეცით [რუსებს] და ის ფაქტი, რომ დღეისთვის მათ არ შეუძლიათ ჩვენი განადგურება, ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ჩვენი სამხედროების და ხალხის მნიშვნელოვანი გამარჯვებაა, მაგრამ ეს არ არის საბოლოო გამარჯვება“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, ქვეყნის სამხრეთ ნაწილში რთული ვითარებაა და არსებობს საბრძოლო ტექნიკის დეფიციტი.
„რაც შეეხება სამხრეთ მიმართულებას, როგორც იცით, იქ ძალიან მჭიდროდ დანაღმული ტერიტორიაა და ადვილი არ არის. ხშირად, ადამიანები ფეხით მიდიან, რომ დეფიციტში მყოფი სამხედრო ტექნიკა არ გაფლანგონ. მარაგები რომ გვქონდეს, რა თქმა უნდა, შესაძლებელი იქნებოდა გარისკვა, არ გვინდა რისკი შევუქმნათ ადამიანებს და არც ტექნიკას, მაგრამ ეს ადგილზე მყოფი მეთაურების არჩევანია. პირველ რიგში ადამიანები, შემდეგ კი ტექნიკა.
იქ, სადაც შეცდომებია, უნდა გამოვასწოროთ. ყველაფერი გამოსწორდება. იქ, სადაც რთულია, რთული სიტუაცია იქნება, ჩვენ ხომ რუსეთს ვეომებით. უბრალოდ, ყველამ დაიწყო ამის დავიწყება. მოდი, გულწრფელები ვიყოთ. როცა ყველამ თქვა, რომ სამ დღეში შეძლებდნენ ჩვენს ოკუპაციას, ზოგიერთი ქაოსში იყო, მაგრამ ჩვენ ვიბრძოდით, რადგან გვესმოდა, რომ ვიბრძოდით მსოფლიოში მეორე არმიასთან (ჩემთვის სულ ერთია, ასეა თუ არა ეს), მე ვთვლი, რომ გავუძელით“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
0
0