20/09/2024
15:10
მსოფლიო
უკრაინაში სახელმწიფო მოხელეებსა და სამხედროებს სამსახურებრივ მოწყობილობებზე „ტელეგრამის“ გამოყენება აუკრძალეს. შესაბამისი გადაწყვეტილება კიბერუსაფრთხოების ეროვნულმა საკოორდინაციო ცენტრმა მიიღო.
ცენტრის გადაწყვეტილებით, „ტელეგრამის“ აპლიკაციის გამოყენება უნდა შეიზღუდოს სახელმწიფო ორგანოებში, სამხედრო ფორმირებებში და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე.
„საფრთხეების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, მიღებულ იქნა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, სამხედროების, უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორის, ასევე კრიტიკული ინფრასტრუქტურის ოპერატორი-კომპანიების თანამშრომლების სამსახურებრივ მოწყობილობებზე „ტელეგრამის“ დაყენებისა და გამოყენების აკრძალვის გადაწყვეტილება“, – ნათქვამია კიბერუსაფრთხოების ეროვნულმა საკოორდინაციო ცენტრის განცხადებაში.
შეგახსენებთ, მიმდინარე თვის დასაწყისში უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ „ტელეგრამი“ საფრთხეა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისთვის.
0
0