
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა შავი ზღვის საპორტო ქალაქ ოდესაში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ცოლ-ქმარი დააკავა.
უსაფრთხოების სამსახურმა დაკავებული პირები უკრაინის არმიისა და საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფების დისლოცირებისა და გადაადგილების შესახებ რუსეთისთვის ინფორმაციის მიწოდებაში დაადანაშაულა. წყვილის ვინაობა არ სახელდება.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ცოლ-ქმარი, სავარაუდოდ, რუსული სამხედრო დაზვერვის ოფიცრები არიან, რომლებიც სამხრეთ უკრაინაში აგენტურის ქსელის შექმნას აპირებდნენ.
უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა აღმოაჩინეს, რომლებზეც არსებობს მტკიცებულებები - "აგრესორთან ფარული მიმოწერა“.
„უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ორივე ჯაშუში მაშინ დააკავა, როდესაც ისინი რუსული მხარისთვის საიდუმლო ინფორმაციის გადაცემას ცდილობდნენ", - ნათქვამია განცხადებაში.
დაკავებული მამაკაცი და ქალი უკრაინაში 2018 წელს ჩავიდა და ბინადრობის ნებართვა მიიღო; მამაკაცი რუსეთის ჯარში მსახურობდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ დაკავებულმა პირებმა ინფორმაცია ყირიმში მყოფ რუსეთის სპეცრაზმის ყოფილ ოფიცერს გაუგზავნეს, რომელიც რუსეთის სამხედრო დაზვერვასთან თანამშრომლობდა.
უსაფრთხოების სამსახურმა ასევე გამოაქვეყნა წყვილის დაკავების ამსახველი ფოტოები, მათი რუსული პასპორტები, ასევე დაკავებული მამაკაცის სამხედრო დოკუმენტები, საიდანაც ირკვევა მისი სამხედრო წოდება - პოლკოვნიკი.
0
0