
რუსეთის სამხედრო აგრესია და უკრაინელი მამაკაცების ომში ჩაბმა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დამცველ ქვეყანაში შობადობის შემცირებაზეც აისახა. აქ ახლა 25 პროცენტით ნაკლები ბავშვი იბადება, ვიდრე ომამდე. პარალელურად, იზრდება ინტერესი რეპროდუქციული კლინიკების მიმართ. ბრძოლის დროს დაზიანებების მიღების შიშით, ბევრი ადამიანი, განსაკუთრებით სამხედრო პერსონალი, სპერმის გაყინვის შესაძლებლობას იყენებს.
უკრაინელ წყვილებს ასევე სურთ, თავიდან აიცილონ საფრთხე, რაც ფრონტიდან პარტნიორის გამრავლების უნარის გარეშე დაბრუნების შესაძლებლობას უკავშირდება.
რეპროდუქციულ კლინიკებში პაციენტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, რამაც, თავის მხრივ, ქვეყანაში ამ დაწესებულებების ფილიალების ზრდა გამოიწვია. „ისეთი ვითარება შეიქმნა, რომ ახლა, ომის დროს, ჩვენი პაციენტების მნიშვნელოვანი ნაწილი ჯარისკაცია“, - ამბობს რეპროდუქციული მედიცინის ექსპერტი, ქსენია ჩაზილენკო.
ომამდე უკრაინაში ემბრიონის ან სპერმის გაყინვა უფრო იაფი იყო, ვიდრე დასავლეთ ევროპაში, მაგრამ საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, ის საგრძნობლად გაძვირდა - ძირითადად, ელექტროენერგიის ხშირი გათიშვის, ლოჯისტიკის დარღვევისა და სპეციალისტების გადინების გამო. მომსახურების ღირებულება ოთხი ათას ევრომდე გაიზარდა. სამხედრო პერსონალისთვის ეს სერვისი უფასოა.
რეპროდუქციული კლინიკები იმის ალბათობასაც ითვალისწინებენ, რომ შეიძლება, მამაკაცი ომიდან საერთოდ ვერ დაბრუნდეს. ამიტომ, აუცილებელია, მან ხელი მოაწეროს დოკუმენტს, რომ მისი გარდაცვალების შემთხვევაში, პარტნიორს სპერმის გამოყენების უფლება ექნება. „ამ შემთხვევაში, ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, სწორად შეივსო თუ არა დოკუმენტაცია“, - განაცხადა ჩაზილენკომ.
ოკუპირებულ ქვეყანას, ომის შემდეგ, შესაძლოა, დემოგრაფიული კრიზისი შეექმნას. ხელოვნურ განაყოფიერებას მის დაძლევაში დიდი მნიშვნელობა ექნება. მაგრამ კონფლიქტის დასრულებამდე, უკრაინის მომავალი თაობის ნაწილი, დაახლოებით 160 რეპროდუქციულ კლინიკაში, გაყინულ მდგომარეობაში დარჩება.
0
0