
გაერთიანებული სერვისების სამეფო ინსტიტუტის ყოფილი გენერალური დირექტორის, პროფესორ მაიკლ კლარკის განცხადებით, ზამთრის მოახლოებასთან ერთად, უკრაინაში მიმდინარე ომი "ახალ ფაზაში" შედის.
მისი თქმით, კიევიდან „საინფორმაციო გათიშვის“ გათვალისწინებით, ხერსონის სამხრეთ რეგიონში „აშკარად რაღაც“ ხდება.
”ისინი ამას ჩვეულებრივ იმ დროს აკეთებენ, როდესაც შეტევაზე გადადიან და მათგან ცოტა ხანში შესაბამის შეტყობინებას უნდა ველოდოთ. რუსები სოციალურ ქსელში კვირეების განმავლობაში აცხადებენ, რომ უკრაინის 63-ე მექანიზებული ბრიგადა, მთლიანად განადგურებულია - ის აღარ არსებობს. დამიჯერეთ, ბრიგადა არსებობს და საკმაოდ სწრაფადაც რეაგირებს ”, - თქვა კლარკმა.
კლარკის თქმით, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივნის ბენ უოლესის გადაწყვეტილება თავის ამერიკელ კოლეგასთან შეხვედრის შესახებ კიდევ ერთი ნიშანია, რომ ხერსონთან "რაღაც ხდება".
”რუსები საუბრობენ ხერსონიდან მშვიდობიანი მოსახლეობის გაყვანაზე, ანუ იმ რუსების, რომლებსაც ამ ტერიტორიიდან წასვლა სურთ და იმ რუსებისაც, რომლებიც შესაძლოა თანამშრომლობდნენ ხელისუფლებასთან. დნეპრზე გადასასვლელი ბორნებისთვის რიგები დგება. ცხადია, რუსები ემზადებიან ხერსონში ორიდან ერთი გადაწყვეტილების მისაღებად - ან ჯარს გაიყვანენ ან ბრძოლას გააგრძელებენ. მეორე ფრონტი, ჩრდილო-აღმოსავლეთით, ძალიან აქტიურია.
რა თქმა უნდა, უკრაინელების მხრიდან აგვისტოს დროინდელ თავდასხმას გაგრძელება ექნება. მათ გაათავისუფლეს ხარკოვი და ახლა ქალაქ კრემინისთვის იბრძვიან. უკრაინის არმიას სურს, გადაჭრას კრემინის ჩრდილოეთით მდებარე გზატკეცილი, რომლის მეშვეობითაც, რუსეთი თავის ჯარებს ამარაგებს. ზამთრის პირზე, უკრაინელები საომარი მოქმედებების ახალი ფაზისთვის ემზადებიან და იმედი აქვთ, ამინდით გამოწვეულ სირთულეებს გადალახავენ," - განაცხადა მაიკლ კლარკმა.
0
0