25/06/2022
18:12
საზოგადოება
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, ალუდა ზვიადაური, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა, საქართველოში ჩამოასვენეს. თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 25 ივნისს დღის მეორე ნახევარში, 16:00 საათისთვის დაეშვა.
"საქართველოდან უფრო ადრე წავიდა, სანამ უკრაინაში ომი დაიწყებოდა. ჯერ იყო ესტონეთში, შემდეგ პოლონეთში, სამუშაოდ იყო წასული. ომის დაწყებიდან მალევე, 6 მარტს წავიდა უკრაინაში, სხვადასხვა ფრონტზე იბრძოდა - წინახაზელების ზურგში იბრძოდა... დონბასში იბრძოდა, გამოჰყავდა უკრაინელი დაჭრილი მებრძოლი და მაგ დროს ზურგში მოხვდა ტყვია. როცა ნახეს გარდაცვლილი, დაჭრილი ხელში ეჭირა", - უთხრა ჟურნალისტებს ოჯახის ახლობელმა, გიორგი მეზვრიშვილმა.
მისიევე თქმით, ალუდა ზვიადაურს ქაშუეთის ეკლესიაში დაასვენებენ და ხვალ, 26 ივნისს პანაშვიდი გაიმართება. ზეგ, 27 ივნისს კი გადაასვენებენ მშობლიურ სოფელში, გომბორში და საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ.
ზვიადაურის გარდაცვალების შესახებ ცნობილი 18 ივნისს გახდა.
0
0