
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ინსპექტორებმა უკრაინაში სამი ობიექტის შემოწმება დაასრულეს და "ბინძური ბომბის" ნიშანწყალი ვერ აღმოაჩინეს.
ამის შესახებ სააგენტოს ხელმძღვანელმა რაფაელ მარიანო გროსიმ განაცხადა.
„ჩვენ მიერ მიღებული შედეგების ტექნიკური და სამეცნიერო შეფასებით ამ სამ ადგილზე არ აღმოჩნდა არადეკლარირებული ბირთვული საქმიანობისა ან მასალების არსებობის კვალი. გარდა ამისა, რაც შეიძლება სწრაფად გაცნობებთ გარემომცველი სფეროს სინჯის აღებით მიღებულ შედეგებსაც“, - განმარტა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა. მისივე თქმით, საჭიროების შემთხვევაში სააგენტო მზად არის შემოწმება უკრაინაში მომავალშიც ჩაატაროს.
რამდენიმე დღის წინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინა ამზადებს “ბინძურ ბომბს”. კიევში ამ განცხადებას სიცრუე უწოდეს. მიუხედავად ამისა, უკრაინის მიწვევით ქვეყანაში ჩავიდნენ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორები, რომლებმაც სამი ბირთვული ობიექტი შეამოწმეს.
ცნობისთვის, "ბინძურ ბომბს" უწოდებენ ასაფეთქებელ მოწყობილობას, რომელიც რადიოაქტიურ ნივთიერებებსაც შეიცავს.
დღესვე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ატომური სააგენტოს სპეციალისტებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. კულებას თქმით, რუსეთმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „ის ნომერ პირველი მატყუარაა მსოფლიოში“.
0
0