
ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ სოციალურ ქსელ „იქსში“ გამოაქვეყნა პოსტი უკრაინულ ენაზე, სადაც მსოფლიოს ქვეყნებს მოუწოდებს, არ დაეყრდნონ აშშ-სა და ევროპას.
ხამენეის თქმით, დასავლური ქვეყნების მხარდაჭერაზე იმედის დამყარება ილუზიაა.
„უკრაინაში არსებული სიტუაციიდან პირველი გაკვეთილი ისაა, რომ დასავლური სახელმწიფოების მხარდაჭერა იმ ქვეყნებისა და მთავრობებისადმი, რომლებიც მათი მარიონეტები არიან, ილუზიაა. ეს ყველა მთავრობამ უნდა გაიგოს. იმ მთავრობებმა, რომლებიც აშშ-სა და ევროპას ეყრდნობიან, გადახედონ უკრაინის დღევანდელ მდგომარეობას“, – წერს ხამენეი.
ცნობისთვის, ირანული მედია Iran Daily ასევე წერს, რომ აშშ-ში დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნება და მისი ლოიალური დამოკიდებულება ისრაელის მიმართ, შეიძლება, დარტყმად იქცეს თეირანის რეგიონული პოზიციებისთვის სამხრეთ კავკასიაში. კერძოდ, გამოცემა ყურადღებას ამახვილებს ისრაელის პარტნიორულ ურთიერთობებზე აზერბაიჯანთან, რომლის წყალობითაც, ისრაელი, როგორც ამტკიცებენ, აძლიერებს თავის გავლენას რეგიონში და უქმნის საფრთხეს ირანს.
გამოცემა ასევე წერს, რომ ტრამპმა, შეიძლება, გააუქმოს „907-ე შესწორება“ „თავისუფლების დაცვის აქტში“, რაც საშუალებას მისცემს აშშ-ს, აზერბაიჯანს სამხედრო და სხვა სახის დახმარება გაუწიოს. გამოცემა აღნიშნავს, რომ თეირანის სახელმწიფო სტრუქტურებმა უნდა შეიმუშაონ აშშ-ისა და ისრაელის ამ გეგმების საწინააღმდეგო პოლიტიკა და განავითარონ თანამშრომლობა ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა რუსეთი.
ამასთან, „რადიო თავისუფლების“ ირანული სამსახურის სტატიაში ნათქვამია, რომ თეირანი შეშფოთებულია რუსეთისა და აშშ-ს შესაძლო დაახლოების გამო. ირანელი დიპლომატები ვარაუდობენ, რომ კრემლმა, შეიძლება, ირანზე უარი თქვას ტრამპის ადმინისტრაციასთან უფრო ხელსაყრელი გარიგების სასარგებლოდ.
0
0