“უკრაინა დღეს განსაკუთრებული მოპყრობის ობიექტია, იქნება ეს ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსი, თუ ნატო-სთან დაკავშირებული პროგრესი, ჩვენ არანაირად არ ვცდილობთ, ჩავანაცვლოთ იმ საკითხებში, რომლებიც ეხება მის გაწევრიანებას ნატო-ში, უკრაინას აქვს თავისი გზა, ჩვენ გვაქვს ჩვენი”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ჟურნალისტების კითხვაზე, MAP-ის გარეშე საქართველოს შესაძლო გაწევრიანებაზე რატომ არ არის საუბარი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა:
„საკითხი იმაშია, რომ არავის მიღებაზე არ არის საუბარი. ამას უნდა შევხედოთ ცოტა რეალისტურად, რადგან, რა თქმა უნდა, ეს არ არის რაიმე მოკლე გზა ნატო-ს წევრობისა. მათ შორის უკრაინასთან დაკავშირებით მკაფიოდ ითქვა, რომ ვიდრე არ დასრულდება ომი უკრაინაში, მანამდე არ არის საუბარი წევრობაზე. საუბარია იმაზე, რომ ნატო-მ თავად გადაიაზროს საკუთარი პასუხისმგებლობა იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც ესწრაფვიან ნატო-ს წევრობას და არ დატოვონ ბუნდოვანება, რომელიც, სამწუხაროდ, უკვე დიდი ხანია, არსებობს. განსაკუთრებით 2008 წლის შემდეგ, როდესაც ერთი მხრივ, ითქვა, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, მაგრამ მეორე მხრივ, არ მოგვენიჭა გაწევრიანების გეგმა და შესაბამისად, შეიქმნა ბუნდოვანება. ერთადერთი, ვინც ბუნდოვანებით სარგებლობს, ეს გახლავთ რუსეთი. ამიტომ, დღეს მთავარი საკითხი არის არა ჩვენში, არა უკრაინაში, დღეს საკითხი არის ნატო-ში, რამდენად მზად არის, მიიღოს მკაფიო პოლიტიკური გადაწყვეტილებები და დაასრულოს ბუნდოვანება ამ მხრივ.
უკრაინის პრეზიდენტზეც არ არის ცნობილი, მიიღებს თუ არა მონაწილეობას. სხვადასხვა ფორმატია, ქვეყნები სხვადასხვა დონეზე არიან წარმოდგენილი. დღეს მთავარი განსახილველი საკითხი არის უკრაინისთვის მხარდაჭერის პაკეტი და ზოგადად ინსტრუმენტები უკრაინისთვის. ამიტომ, უკრაინა არის განხილვის ცენტრში. ჩვენ არანაირად არ ვცდილობთ, ჩავანაცვლოთ იმ საკითხებში, რომელიც ეხება მის გაწევრიანების საკითხებს ნატო-ში. უკრაინას აქვს თავისი გზა, ჩვენ გვაქვს ჩვენი. ჩვენი გზა უფრო დიდი ხნის გზაა, ვიდრე უკრაინის ნატო-სთან დაახლოების და ჩვენი კონტრიბუციის, ღვაწლის. ჩვენ ჩვენი გზით მივდივართ. გამომდინარე პირდაპირი აგრესიისა, რომელიც არის უკრაინის წინააღმდეგ, თავისთავად, უკრაინა არის ყურადღების ცენტრში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
0
0