
აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსების კომიტეტის თავმჯდომარის, მარკ მილის მტკიცებით, უკრაინა ვერ გაათავისუფლებს თავის დანარჩენ ტერიტორიებს. პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლებმა საჯაროდ არ დაუჭირეს მხარი მის მოწოდებებს რუსეთ-უკრაინას შორის მოლაპარაკებების დაწყების შესახებ, თუმცა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ერთგვარი ზეწოლა იგრძნო მოლაპარაკებებში ჩართვის თვალსაზრისით.
ჰამზა კარჩიჩი, სარაევოს უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, წერს, რომ უკრაინა, შესაძლოა, ბოსნიის ბედისკენ მიისწრაფვის, რომელიც არასრულყოფილი სამშვიდობო შეთანხმების გამო დისფუნქციური გახდა. 1992 წელს, სერბულ-ხორვატული კონფლქტის დროს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ იარაღის ემბარგო დააწესა, რამაც შეზღუდა ბოსნია და ჰერცოგოვინას თავდაცვის უნარი. ქვეყანამ დაკარგა დიდი ტერიტორია და თავიდან ვერ აიცილა გენოციდი. ევროკავშირმა და გაერომ სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის დიპლომატები გამოგზავნეს. „ნუ იოცნებებთ“, - მიმართა ბრიტანელმა მედაიტორმა დევიდ ოუენმა ბოსნიელებს გადამწყვეტ მომენტში, რადგან მათ დასავლეთის სამხედრო ინტერვენციის იმედი ჰქონდათ.
ბოსნია და ჰერცოგოვინასგან განსხვავებით კი, უკრაინამ ისარგებლა როგორც დიპლომატიური, ასევე სამხედრო მხარდაჭერით რუსული არმიის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. იარაღით უზრუნველყოფით, კიევს არა მხოლოდ საშუალება მიეცა ჩაეშალა რუსეთის გეგმები ქვეყნის სრული ოკუპაციის შესახებ, არამედ წარმატებული კონტრშეტევაც წამოიწყო. ბოსნიის შემთხვევაში, მოლაპარაკებებისთვის უდროო ბიძგმა სარაევო უფრო სუსტ მდგომარეობაში ჩააყენა, რადგან, შედეგად, სერბ მეამბოხე ძალებს გაცილებით მეტი ბერკეტი გადაეცათ, ვიდრე უნდა ჰქონოდათ. უკრაინა შესაძლოა იმავე სიტუაციაში აღმოჩნდეს, რადგან რუსეთი კვლავ აკონტროლებს დონბასის რეგიონის დიდ ნაწილს და ხერსონისა და ზაპოროჟიეს გარკვეულ ტერიტორიას.
თუ დასავლეთის მხრიდან ზეწოლა გაგრძელდება და უკრაინის პრეზიდენტი დათანხმდება სამშვიდობო მოლაპარაკებებს, ის რთული არჩევანის წინაშე დადგება: დაუთმოს რუსეთს უკრაინის ტერიტორია ან დაეთანხმოს კრემლისადმი ლოიალური ავტონომიური რეგიონების ფორმირებას. ზელენსკიმ პირობა დადო, რომ გაათავისუფლებს ოკუპირებულ ტერიტორიებს, მათ შორის ყირიმს. თუ ის კომპრომისზე წავა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხრივ, ეს ძირს გამოუთხრის მის მმართველობას და მორალურად შეურაცხყოფს სამხედრო ძალებს. ამდენად, არასოდეს იქნება გარანტია იმისა, რომ ქვეყანა დაცული იქნება მომავალი შემოსევებისგან ან ტერიტორიული პრეტენზიებისგან.
თუ ზელენსკის აიძულებენ, დაუშვას ავტონომია აღმოსავლეთში, ეს ნიშნავს რესპუბლიკური სერბსკას ტიპის ერთეულის შექმნას, რაც, ფაქტობრივად, პრო-რუს მეამბოხეებს უკრაინის მმართველობის პირობებში ვეტოს უფლებას მიანიჭებს. ეს ქვეყანას ბოსნიასავით დისფუნქციურს გახდის, რაც არამხოლოდ შეაფერხებს უკრაინის განვითარებას, არამედ დაბლოკავს მის ინტეგრაციას ევროკავშირსა და ნატოში. უკრაინას შეუძლია ისწავლოს ბოსნია და ჰერცოგოვინას გამოცდილებიდან, რათა არ დაუშვას იგივე შეცდომები. მიუხედავად იმისა, რომ ბრძოლით ტერიტორიები სრულად ვერ გათავისუფლდება, რუს ოკუპანტებთან საკმარისი გამარჯვების მიღწევა უკრაინას გაცილებით ძლიერ ბერკეტს მისცემდა რუსული ჯარების სრულად გაყვანის მოთხოვნისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვისთვის.
მოლაპარაკების მაგიდასთან სამხედრო ვითარების გარკვევა ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. ბოსნიის შემთხვევაში, სამშვიდობო მოლაპარაკებამ რესპუბლიკა სერბსკას საზღვრები განსაზღვრა და დაიბრუნა კონტროლი იმ ტერიტორიებზე, რომლებიც ეთნიკურად გაწმენდილი იყო ბოსნიელი მუსლიმებისგან. კიევმა და დასავლეთმა არ უნდა დაუშვან, რომ ეს უკრაინაში მოხდეს. ბოსნიაში დამყარებული არასრულყოფილი მშვიდობა ადვილად გამოიყენა რუსეთმა, რომელმაც მოიპოვა ადგილობრივი სატელიტი, რესპუბლიკა სერბსკას ხელმძღვანელობის სახით, და მას [რუსეთს] შეუძლია გამოიწვიოს არასტაბილურობა ბალკანეთსა და მთლიანად ევროპაში. ზელენსკიმ თავის დასავლელ პარტნიორებს ეს პრეცედენტი უნდა შეახსენოს და მოუწოდოს მათ, რომ ადრეული სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვის დაუსაბუთებელი მოთხოვნები არ წამოაყენონ“, - წერს ჰამზა კარჩიჩი.
0
0