
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შეერთებული შტატების „სამშვიდობო გეგმას“ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ უკრაინა მზად არის მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ მხოლოდ ღირსეული პირობებით.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინის პოზიცია ომის დაწყებიდან უცვლელი რჩება.
„ომის პირველი დღეებიდან ვიცავდით ერთ ძალიან მარტივ პოზიციას: უკრაინას სჭირდება მშვიდობა, ნამდვილი მშვიდობა, რომელიც არ დაირღვევა. გვჭირდება ღირსეული მშვიდობა ისეთი პირობებით, რომლებიც პატივს სცემს ჩვენს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და უკრაინელი ხალხის ღირსებას“, – განაცხადა უკრაინის ლიდერმა.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ესაუბრა ფინეთის პრეზიდენტს, ალექსანდერ სტუბს, ასევე მუდმივ კონტაქტზეა საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან.
ზელენსკიმ ყურადღება გაამახვილა შეერთებულ შტატებთან არსებულ ურთიერთობაზეც.
„მომდევნო დღეებში პრეზიდენტ ტრამპს გავესაუბრები. ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ, რომ ამერიკის ძალასა და მხარდაჭერას შეუძლია, მშვიდობასთან დაგვაახლოვოს და ჩვენ არ გვინდა ამის დაკარგვა. ჩვენ ასევე ვაცნობიერებთ, რომ რუსეთს მშვიდობის რეალური სურვილი არ აქვს. შეერთებულ შტატებს აქვს ძალა, უზრუნველყოს, რომ რუსეთის სურვილი, საბოლოოდ დაასრულოს ომი, სერიოზული გახდეს“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა ყველაფერს გააკეთებს, რათა ქვეყანა არავინ დაადანაშაულოს დიპლომატიური პროცესის შეფერხებაში.
უკრაინის პრეზიდენტმა დაადასტურა ისიც, რომ აშშ-ის არმიის მდივანთან, დანიელ დრისკოლთან შეხვედრაზე ამერიკულმა მხარემ წარმოადგინა „ომის დასრულების გეგმის პუნქტები“.
შეგახსენებთ, რომ 20 ნოებერს მედიაში რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად დონალდ ტრამპის „სამშვიდობო გეგმის“ შინაარსი გავრცელდა. ტრამპის „სამშვიდობო გეგმის“ მიხედვით, „რუსეთი მეზობელ ქვეყნებში არ შეიჭრება, ნატო არ გაფართოვდება, ყირიმი, ლუგანსკი და დონეცკი დე ფაქტო აღიარებულნი იქნებიან რუსულ რეგიონებად“.
აშშ მოითხოვს, რომ უკრაინა „უიტკოფ-დმიტრიევის სამშვიდობო გეგმას“ 27 ნოემბრამდე დაეთანხმოს.
0
0