
უკრაინას ახალ წელს სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვა აქვს დაგეგმილი.
როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ Associated Press-ს განუცხადა, თებერვლის ბოლომდე ქვეყანა სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვას აპირებს - ომის დაწყების წლისთავთან დაკავშირებით.
კულებამ დასძინა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, გაეროში გაიმართება, გენერალური მდივნის ანტონიო გუტერეშის შესაძლო შუამავლობით.
„კმაყოფილი ვარ გასულ კვირას შეერთებულ შტატებში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტის შედეგებით. აშშ-ის მთავრობა ქვეყანაში Patriot-ის ტიპის სარაკეტო-საზენიტო კომპლექსის გამოგზავნას გეგმავს“, - თქვა მინისტრმა და აღნიშნა, რომ დიპლომატია მნიშვნელოვან როლს შეასრულებს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დასრულებაში. „ყოველი ომი მთავრდება ბრძოლის ველზე და მოლაპარაკების მაგიდასთან შეთანხმებული ქმედებების შედეგად“, - აღნიშნა დმიტრო კულებამ.
„გაერთიანებული ერების ორგანიზაცია შეიძლება საუკეთესო ადგილი იყოს ამ სამიტის ჩასატარებლად, რადგან ეს არ არის მხოლოდ ამა თუ იმ ქვეყნისთვის დახმარების გაწევა. სანამ რუსეთი შეუერთდება მოლაპარაკებებს, კრემლი ჯერ სამხედრო დანაშაულებისთვის საერთაშორისო სასამართლოში უნდა გასამართლდეს. რუსული მხარე რეგულარულად აცხადებს, რომ მზად არის მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ მათი ნათქვამი სიმართლეს არ შეესაბამება - ყველაფერი, რასაც რუსები აკეთებენ ბრძოლის ველზე, საპირისპიროს ამტკიცებს“, - თქვა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
როგორც ცნობილია, ცოტა ხნის წინ ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის მოლაპარაკებისთვის, მაგრამ მოსკოვთან საუბარზე უარს თვითონ უკრაინა ამბობსო.
0
0