
უკრაინამ უნდა მიიღოს მხარდაჭერა, იგივე ეხებათ მოლდოვას, საქართველოს, ბოსნია და ჰერცეგოვინას, - ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ ევროკავშირის სამიტის დაწყების წინ განაცხადა.
„შეთანხმება ყოველთვის შესაძლებელია. გაფართოებასთან დაკავშირებით ძალიან ნათელია, რომ ეს არის ორმხრივად მომგებიანი სიტუაცია. უკრაინას უნდა მიეცეს მორალური, პოლიტიკური, ფინანსური მხარდაჭერა, რომელსაც ის იმსახურებს და ეს ჩვენი საკუთარი უსაფრთხოებისთვისაც საჭიროა. იგივე ეხება მოლდოვას, საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას. მე ევროპული საბჭოს ყველა სხდომაზე ვამბობ, რომ ჩვენ ვისურვებდით ბულგარეთისა და რუმინეთის შენგენში გაწევრიანებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას. არ მჯერა, რომ ახლა 2023 წლის დეკემბერია და ჩვენ ჯერ კიდევ ვსაუბრობთ ბულგარეთისა და რუმინეთის მოქალაქეების შენგენის ზონაში გაწევრიანებაზე“, - განაცხადა რობერტა მეცოლამ.
ევროპული საბჭო ბრიუსელში დღეს და ხვალ შეიკრიბება და იმსჯელებს გაფართოების პაკეტზე, რომელიც 10 ქვეყანას მოიცავს. გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის ლიდერებმა კონსენსუსის საფუძველზე უნდა მიიღონ. გაფართოების პაკეტი ეხება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, უკრაინასთან და მოლდოვასთან წევრობაზე მოლაპარაკებების დაწყებას, ასევე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს. ევროპული საბჭო საბოლოო გადაწყვეტილებას ორდღიანი სამიტის მიმდინარეობისას გამოაცხადებს.
0
0