06/07/2023
09:19
მსოფლიო
უკრაინისთვის ნატო-ს კარი ღიაა, წევრობისთვის კი, საჭიროა რეფორმები. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეს პოზიცია 5 ივლისს, ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე გაიმეორა თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინ ჟან-პიერმა.
უკრაინა ითხოვს მყარ გარანტიას, რომ რუსეთთან ომის დასრულების შემდეგ ნატო-ს წევრი გახდება.
შეკითხვას, რატომ არ არის აშშ-ის მხრიდან მკაფიო თანხმობა, ჟან-პიერმა უპასუხა, რომ აშშ ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის ერთგულია და მოკავშირეებთან და უკრაინასთან ერთად განაგრძობს ამ ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფების კოლექტიური მხარდაჭერის საშუალებების განხილვას.
თეთრი სახლის პრესმდივანმა ხაზი გაუსვა, რომ ნატო-ში ახალი წევრის მიღების საკითხს 31 მოკავშირე წყვეტს.
კარინ ჟან-პიერის თქმით, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა არაერთხელ თქვა, რომ უკრაინამ უნდა ჩაატაროს რეფორმები, რათა შეესაბამებოდეს ნატო-ს წევრი ქვეყნების სტანდარტებს და მას ამის გაკეთება შეუძლია.
ცნობილია, რომ ნატო-ს წევრი სახელმწიფოების ლიდერთა ვილნიუსის სამიტის წინ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მოუწოდა, უკრაინა ნატო-ში მიიწვიოს. ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუში ზელენსკიმ თქვა, რომ სწორედ ბაიდენია გადაწყვეტილების მიმღები.
წყარო: რადიო თავისუფლება
0
0