19/11/2024
14:03
მსოფლიო
უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის ტერიტორიაზე ATACMS-ის სისტემის ბალისტიკური რაკეტებით პირველი შეტევა მიიტანეს, სამიზნე წარმატებით განადგურდა - ინფორმაციას გამოცემა RBC-Ukraine ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
შეგახსენებთ, ერთი დღით ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კიევს რუსეთის სიღრმეში მდებარე სამხედრო სამიზნეებზე, ამერიკული რაკეტების გამოყენების უფლება მისცა. თუმცა, ვაშინგტონს ეს გადაწყვეტილება ოფიციალურად არ გამოუცხადებია და არც უკრაინაში დაუდასტურებიათ.
RBC-Ukraine-ის წყარო კი აცხადებს, რომ თავდასხმა ბრიანსკის ოლქის ქალაქ კარაჩევის მახლობლად, სამხედრო ობიექტზე მოხდა.
„მართლაც, ATACMS პირველად გამოიყენეს რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმისთვის. დარტყმა განხორციელდა ბრიანსკის ოლქის ობიექტზე, დარტყმა წარმატებული იყო“, - ციტირებს გამოცემა წყაროს.
კარაჩევი უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 130 კილომეტრში მდებარეობს.
0
0