
უკრაინის მთავრობამ „ომის საერთაშორისო სპონსორთა სია“ გააუქმა. ამის მიზეზი სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური მისიების ჩივილი გახდა, რომლებიც ნორმატიული ბაზის არარსებობაზე საუბრობენ. ინფორმაციას kommersant.ru ავრცელებს.
სია იდებოდა საიტზე „ომი და სანქციები“, რომელსაც კორუფციასთან ბრძოლის ეროვნული სააგენტო კურირებდა.
„უკრაინის იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებით, მსგავსი ინფორმაციის გავრცელება სახელმწიფოს სახელით მიუღებელია საკანონმდებლო საკითხების მოგვარებამდე“, - წერია უკრაინის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამ სიაში არსებული ინფორმაცია უკრაინის სანქციების პოლიტიკაზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის განკარგულებაში გადავა.
„ომის საერთაშორისო სპონსორების“ რეესტრში კომპანიები და ფიზიკური პირები შედიოდნენ, რომლებიც რუსეთთან ვაჭრობას განაგრძობენ და მის ბაზარზე ოპერირებას კვლავ ახორციელებენ. სიაში შეყვანა რაიმე სანქციების ამოქმედებას არ ითვალისწინებდა, მაგრამ უკრაინის საერთაშორისო პარტნიორების განცხადებით, ის ამ კომპანიების რეპუტაციას ზიანს აყენებდა. 2023 წლის მარტის მონაცემებით სიაში 150 ფიზიკური პირი და 40 კომპანია იყო შეყვანილი, მათ შორის ჩინეთის, აშშ-ის, საფრანგეთის და გერმანიის ფირმები.
0
0