
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მისმა ქვეყანამ შეაჩერა რუსეთის სპეცსამსახურების გეგმები მოლდოვის განადგურების შესახებ.
ბრიუსელში, ევროკავშირის ლიდერებთან საუბრისას, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მან მოლდოვის პრეზიდენტს მაია სანდუს სავარაუდო სქემის შესახებ აცნობა.
„მე მას [მაია სანდუს] ვაცნობე, რომ ჩვენ მოვახერხეთ, შეგვეჩერებინა რუსული დაზვერვის სამსახურის გეგმა მოლდოვის განადგურების შესახებ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, დოკუმენტებში ჩანს, გეგმის მიხედვით, "როდის და როგორ" "მოხდებოდა მოლდოვაში დემოკრატიული პრინციპების ხელყოფა და დამყარდებოდა კონტროლი ქვეყანაზე".
„ეს სქემა ძალიან ჰგავს რუსეთის მიერ შემუშავებულ გეგმას უკრაინის ხელში ჩაგდების მიზნით. თუმცა მე არ ვიცი, საბოლოოდ, გასცა თუ არა მოსკოვმა გეგმის განხორციელების ბრძანება,“ - თქვა ზელენსკიმ.
გასულ კვირას, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ დასავლეთი მოლდოვის "სხვა უკრაინად" გადაქცევის საკითხს განიხილავდა.
მისი თქმით, დასავლეთმა 2020 წელს მხარი დაუჭირა მაია სანდუს მოლდოვის პრეზიდენტად არჩევას და ამტკიცებდა, რომ მას [დასავლეთს] სურს ამ ქვეყნის ნატოში შეყვანა და მისი რუმინეთთან შეერთება.
დეკემბერში, მოლდოვის ეროვნულმა სადაზვერვო სააგენტომ განაცხადა, რომ „მიმდინარე წელს რუსეთს შეუძლია ახალი შეტევა წამოიწყოს, რომელიც მიზნად ისახავს მოსკოვის მიერ მხარდაჭერილ მოლდოვის სეპარატისტულ რეგიონში (დნესტრისპირეთში) სახმელეთო დერეფნის შექმნას სამხრეთ უკრაინის გავლით. ეს რეგიონი მოლდოვას 1992 წლის სამოქალაქო ომის შემდეგ გამოეყო, მაგრამ მისი დამოუკიდებლობა არ არის აღიარებული ქვეყნების უმეტესობის მიერ.
რუსეთმა სეპარატისტულ რეგიონში 1500-მდე ჯარისკაცი "სამშვიდობო ძალების" სტატუსით განათავსა.
0
0