
Financial Times-ის ინფორმაციით, უკრაინამ და აშშ-მა მინერალებზე შეთანხმებას მიაღწიეს. უკრაინის ხელისუფლებას იმედი აქვს, შეთანხმება ხელს შეუწყობს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობის გამოსწორებას.
გამოცემის მიხედვით, უკრაინა მზად არის, ხელი მოაწეროს შეთანხებას აშშ-სთან ერთად უკრაინის მინერალური რესურსების, მათ შორის, ნავთობისა და გაზის ერთობლივ მოპოვებას.
Financial Times-თან საუბრისას უკრაინის პრემიერმინისტრის მოადგილემ და იუსტიციის მინისტრმა, ოლგა სტეფანიშინამ აღნიშნა, რომ შეთანხმების ახალი ვარიანტი წინასთან შედარებით ბევრად უფრო სასარგებლოა უკრაინისთვის და ხელს შეუწყობს აშშ-სთან ურთიერთობის გაღრმავებას.
"მინერალების შეთანხმება მთლიანი სურათის მხოლოდ ნაწილია. აშშ-ს ადმინისტრაციისგან ბევრჯერ მოგვისმენია, რომ ეს დიდი სურათის ნაწილია" – ამბობს სტეფანიშინა.
FT-ს მიერ მოპოვებული შეთანხმების დოკუმენტის მიხედვით, შეიქმნება ფონდი, რომელშიც უკრაინა სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული მინერალური რესურსებიდან მიღებული მოგების 50%-ს ჩარიცხავს. ფონდი მიღებული დაფინანსებით დააფინანსებს პროექტებს უკრაინაში. შეთანხმება არ შეეხება იმ მინერალურ რესურსებს, რომელსაც უკრაინის მთავრობა უკვე მოიხმარს, მათ შორის, უკრაინის უმსხვილეს ბუნებრივი აირისა და ნავთობის მწარმოებლების, ნაფტოგაზისა და უკრნაფტიდან მიღებულ შემოსავალს.
შეთანხმებაში საუბარი არ არის აშშ-სგან უსაფრთხოების გარანტიებზე, რასაც კიევი დაჟინებით მოითხოვდა. ასევე, ბუნდოვანია, თუ რა წილს შეიტანს აშშ აღნიშნულ ფონდში.
ტრამპის ადმინისტრაცია თავდაპირვლეად ითხოვდა საინვესტიციო ფონდის შექმნას, რომელშიც აშშ შეინარჩუნებდა ფინანსური ინტერესების 100%-ს, ხოლო უკრაინა მინერალური რესურსების მოპოვებით მიღებული შემოსავლის 50%-ს შეიტანდა ფონდში, მაქსიმუმ, $500 მილიარდამდე. ეს პირობები შეთანხმების ახალი დოკუმენტიდან ამოღებულია. მასში ასევე წერია, რომ აშშ მხარს დაუჭერს სამომავლოდ უკრაინის ეკონომიკურ განვითარებას.
უკრაინის მაღალჩინოსნებმა თქვეს, რომ შეთანხმება უკვე დაამტკიცა იუსტიციის, ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებმა, ხოლო უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მას თეთრ სახლში ვიზიტის დროს, დონალდ ტრამპთან ერთად შესაძლოა მოაწეროს ხელი.
0
0