22/09/2024
23:18
მსოფლიო
უკრაინამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ შეერთებული შტატები ომში არ ჩართულიყო, მაგრამ თუ რუსეთი გაიმარჯვებს, ამას აშშ-ისთვის კატასტროფული შედეგები მოჰყვება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ The New Yorker-თან ინტერვიუში განაცხადა.
სახელმწიფოს მეთაურმა ისაუბრა იმ შედეგებზე, რასაც ომში რუსეთის გამარჯვება გამოიწვევს. მისი თქმით, უკრაინას რომ წინააღმდეგობა არ გაეწია, პუტინი უფრო შორს წავიდოდა.
„პირველ რიგში, ევროპაში, ამერიკასა და კანადაში დაახლოებით 40 მილიონი ემიგრანტი იქნებოდა. მეორეც, თქვენ დაკარგავდით ევროპის უდიდეს ქვეყანას, რაც კონტინენტზე აშშ-ის გავლენისთვის უზარმაზარი დარტყმა იქნებოდა. რუსეთს ახლა იქ სრული გავლენა ექნებოდა. თქვენ დაკარგავდით ყველას - პოლონეთს, გერმანიას - და თქვენი გავლენა იქნებოდა ნულის ტოლფასი“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკელმა საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს, რომ პრობლემას უკრაინის არსებობის ფაქტი არ წარმოადგენს. თუმცა უკრაინის სიმტკიცემ აშშ-ს მრავალი სხვა პრობლემის გადაჭრის საშუალება მისცა.
ზელენსკის თქმით, რუსეთს, უკრაინის ნაცვლად, შეეძლო ნატოს წევრი პოლონეთისთვის, ან ბალტიისპირეთის ქვეყნებისთვის დაერტყა, რაც შეერთებული შტატებისთვის „კატასტროფა“ იქნებოდა.
„ამ შემთხვევაში, თქვენ აუცილებლად ჩაერთვებით სრულმასშტაბიან ომში - ადგილზე ჯარით, დაფინანსებით, ინვესტიციებით და ამერიკული ეკონომიკა საომარ რელსებზე გადავა. ამიტომ, იმის თქმა, რომ დიდი ხანია, ამ ომში ხართ ჩართულები, უბრალოდ, არ არის სიმართლე. პირიქით, მე მჯერა, რომ ჩვენ აშშ ტოტალური ომისგან ვიხსენით“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მან ასევე დასძინა, რომ უკრაინის მხარდაჭერის შესუსტების შემთხვევაში, რუსეთმა შეიძლება „გადაწყვიტოს, რომ ეს საკმარისია და დაარტყას პოლონეთს, მაგალითად, ბელარუსის მხრიდან რაიმე პროვოკაციის საპასუხოდ“.
„ახლა კი, თქვენი მხარდაჭერისა და ინვესტიციის ორ-ნახევარი წლის შემდეგ, რისთვისაც ძალიან მადლიერები ვართ, შეგიძლიათ ეს ყველაფერი ნულზე გაამრავლოთ. ამერიკამ თავიდან უნდა დაიწყოს ინვესტიციების ჩადება სულ სხვა კალიბრის ომში. მასში ამერიკელ ჯარისკაცებს მოუწევთ ბრძოლა და ეს ყველაფერი, მე დავამატებ, უზარმაზარ სარგებელს მოუტანს რუსეთს“, - დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.
0
0