
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერლის სერგეი კრივონოსის პროგნოზით, უკრაინაში შეჭრილი რუსული არმიის საომარი მოქმედებები მალე არ დასრულდება.
„რუსეთი გააგრძელებს ჯარის მობილიზებასა და წვრთნას. ბოლო ექვს თვეში დაშვებული [ჩვენი] ერთ-ერთი შეცდომა ის არის, რომ პრესიდან გვესმის მტრის არასწორი შეფასება და გვაწვდიან ინფორმაციას, რომ ჩვენ წინააღმდეგ მხოლოდ [რუსი] ალკოჰოლიკები და ნარკომანები იბრძვიან“ - განუცხადა კრივონოსმა უკრაინულ ტელეკომპანია Espreso TV-ს.
„აუცილებლად მიმაჩნია, რომ ჩვენ უნდა გვყავდეს კარგად გაწვრთნილი, შეიარაღებული უკრაინელი ჯარისკაცი, რომელმაც მკაფიოდ იცის, თუ როგორ გაანადგუროს მტერი. რუსეთმა მოახდინა 300 000 ჯარისკაცის მობილიზება და ახლაც შეუძლიათ კიდევ 300 000 [ან] ნახევარი მილიონი ადამიანის საომარ მზადყოფნაში მოყვანა“, - თქვა სერგეი კრივონოსმა.
გენერლის თქმით, რუსეთის ტაქტიკა გამოიხატება უკრაინის ტერიტორიის „საკუთარი გვამებით“ დაბინძურებაში.
„კონკრეტულ ოლქებში საჭიროა როგორც გარკვეული რაოდენობის ცოცხალი ძალა, ასევე საკმარისი საბრძოლო მასალა და იარაღი მტრის გასანადგურებლად, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ იარაღი გვაკლია. შესაბამისად, უნდა მოვემზადოთ გაჭიანურებული ომისთვის, რომელიც, დიდი ალბათობით, მომავალი წლის თებერვალში ან მარტში არ დასრულდება“, - განაცხადა სერგეი კრივონოსმა.
0
0