
უკრაინა საშიში ქვეყანაა, უკრაინელები ევროკავშირში არ უნდა მიიღონ, რადგან მაშინ „უკრაინელი თაღლითების“ წინააღმდეგ ბრძოლა უფრო რთული იქნება, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.
ორბანის თქმით, საბანკო თაღლითობის 80% უკრაინიდან მოდის, ამიტომ უკრაინა ევროკავშირში არ უნდა მიიღონ.
„ყველა, ვისაც საბანკო ბარათი აქვს, საშიშროების ქვეშ იმყოფება. ჩვენ ვართ მორწმუნე, პატიოსანი ხალხი, ჩვენი მოტყუება ადვილად შეიძლება. ისინი ჩვეულებრივ ხალხს ატყუებენ“, – განაცხადა ორბანმა.
ორბანის თქმით, ყოველწლიურად ამ გზით ხალხისგან 8 მილიარდ ფორინტს იპარავენ, საიდანაც ხელისუფლებამ 1,5 მილიარდი დააბრუნა.
ამასთან, ვიქტორ ორბანის განცხადებით, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებულ რეფერენდუმში უკვე 1,6 მილიონმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
„ეს არ უნდა დავუშვათ. უკრაინის ევროკავშირში მიღება ტრაგედია იქნება, ამას მილიონობით უნგრელი იგრძნობს. იქ დანაშაული და მაფიაა“, – განაცხადა ორბანმა.
ორბანის თქმით, უკრაინასთან თანამშრომლობა შესაძლებელია, მაგრამ მას არ უნდა მიეცეს იგივე უფლებები, რაც ევროკავშირის ყველა წევრს, პირიქით, უკრაინასთან შეთანხმებები უნდა იყოს ყოველ საკითხზე ცალ-ცალკე, ისე, რომ ეს სასარგებლო იყოს როგორც უნგრეთისთვის, ასევე ევროკავშირისთვის.
0
0