თუ ობიექტურად შევაფასებთ უკრაინასა და საქართველოს შორის არსებულ ამჟამინდელ ურთიერთობას, ის შეიძლებოდა ყოფილიყო ბევრად უფრო ხარისხიანი და უკეთესი, - ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა მიხაილო ხარიშინიმ „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
რწმუნებულის შეფასებით, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ვიღაცას უნდა ჩაახშოს საქართველოსა და უკრაინას შორის ოდესღაც სამაგალითო ურთიერთობები.
მინდა იცოდეთ, რომ უკრაინა არ არის იმის წინააღმდეგი, რომ ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობები ხორციელდებოდეს ელჩების დონეზე, - განუცხადა საქართველოში უკრაინის საქმეთა ახალმა რწმუნებულმა „ინტერპრესნიუსს“ და იმ ფაქტორებზე გაამახვილა ყურადღება, რომელთა აღმოფხვრაც კიევს მნიშვნელოვნად მიაჩნია.
"როცა უკვე მზადდებოდა უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებულება ელჩის დანიშვნის შესახებ, მოულოდნელად საქართველოს მთავრობის მაშინდელი მეთაურის მხრიდან გაუგებარი რიტორიკა წამოვიდა. მე მხოლოდ ფაქტებს ვამბობ. უცნაურია და ასეთი რიტორიკა დაემთხვა "პერფორმანსს", რომელიც ანტიუკრაინულმა, პრორუსულმა და იმედი მაქვს, რომ ისინი ანტიქართულიცაა, ძალებმა გამართეს აქ საელჩოს შენობასთან შეურაცხმყოფელი პლაკატებითა და ლოზუნგებით უკრაინასთან მიმართებაში.
სამწუხაროდ, მალე ასეთ რიტორიკას მიმართეს ზოგმა სხვა პოლიტიკოსებმა, ქართველმა, მათ შორის სამთავრობო სტრუქტურებისა და საპარლამენტო კორპუსის წარმომადგენლებმა. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ვიღაცას უნდა ჩაახშოს საქართველოსა და უკრაინას შორის ოდესღაც, გადაჭარბების გარეშე, სამაგალითო ურთიერთობები. რა თქმა უნდა, ასეთ ფონზე, როგორც სახელმწიფო, რომელიც პატივს სცემს საკუთარ თავს და პატივს სცემს სხვა სახელმწიფოებს, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ნორმალური სახელმწიფო, უკრაინა ვერ დატოვებდა ამ ფაქტებს ყურადღების მიღმა.
ამასთანავე, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ უკრაინისთვის, საქართველო, ქართველი ხალხი ყოველთვის იყო, არის და დარჩება ძმურ ხალხად და ქვეყნად, რომელთანაც უკრაინა ავითარებდა და განავითარებს ძალიან მჭიდრო ურთიერთობებს თანაბარუფლებიანობის, პარტნიორობის საფუძველზე. სხვანაირად ვერ იქნება.
ამიტომაც ჩვენ, როგორც დიპლომატებს, გვაქვს მოწოდება ამ სიტუაციაში როგორმე დავეხმაროთ ჩვენს უმაღლეს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ვაწარმოოთ ნორმალური დიალოგი. ჩვენს დონეზე, დიპლომატიის დონეზე, ბოლო დროის განმავლობაში რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო შეხვედრა გაიმართა ჩვენს კოლეგებთან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. მე მქონდა ორი შეხვედრა. საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა სხვა ევროპული ქვეყნების დიპლომატებთან ერთად მონაწილეობა მიიღო ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებაში, რომელიც ორგანიზებული იქნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ. ის ეძღვნებოდა მთავრობის მოხსენებას მის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე ევროკავშირში მიმავალ გზაზე ევროკომისიის რეკომენდაციების შესაბამისად. ჩემს კოლეგას საქართველოს საელჩოდან უკრაინაში საქართველოს საქმეთა დროებით რწმუნებულს ასევე ცოტა ხნის წინ მიეცა საშუალება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში კოლეგებთან ჰქონოდა შეხვედრა, სადაც საქართველოსთვის აქტუალური საკითხების წამოჭრისა და მათზე პასუხების მიღების შესაძლებლობა ჰქონდა". - განაცხადა დიპლომატმა
0
0