03/12/2024
11:38
მსოფლიო
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ უკრაინა ოფიციალურად უარს ამბობს გარანტიებზე, რომელიც ნატო-ში გაწევრიანების შემცვლელია. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
უკრაინული მედიის ცნობით, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება უსაფრთხოების შესაძლო გარანტიებთან დაკავშირებით, რაც შეიძლება, ჩაითვალოს რუსული აგრესიის შეკავების ინსტრუმენტად.
ევროპეისკაია პრავდას“ წყაროების ცნობით, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა აპირებს ამ პოზიციის წარდგენას ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში, რომელიც სამ დეკემბერს ბრიუსელში გაიმართება.
„დარწმუნებული ვართ, რომ უკრაინის უსაფრთხოების ერთადერთი რეალური გარანტია, ისევე როგორც ის, რაც შეიძლება უკრაინისა და სხვა სახელმწიფოების წინააღმდეგ რუსული აგრესიის შემდგომი შემაკავებელი იყოს, არის უკრაინის სრულუფლებიანი წევრობა ნატო-ში“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ უკრაინა წინასწარ უარს ამბობს წევრობის შემცვლელ ფორმატებზე.
„ბუდაპეშტის მემორანდუმის მწარე გამოცდილებით, ჩვენ არ მივიღებთ ნატო-ში უკრაინის სრულუფლებიანი წევრობის ალტერნატივას, სუროგატს ან შემცვლელს“, – აღნიშნავენ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს შეერთებულ შტატებს და დიდ ბრიტანეთს, რომლებმაც მოაწერეს ხელი ბუდაპეშტის მემორანდუმს, საფრანგეთს და ჩინეთს, რომლებიც შეუერთდნენ მას, ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულების ყველა მონაწილე სახელმწიფოს, მხარი დაუჭირონ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას ახლა. ეს კი, მათი თქმით, გახდება რუსული შანტაჟის ეფექტური წინააღმდეგობა. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს არ ეხება მხოლოდ უკრაინულ და მხოლოდ ევროპულ უსაფრთხოებას, რადგან უკრაინაზე თავდასხმამ, შეარყია ბირთვული განიარაღების იდეისადმი ნდობა.
0
0