
როგორც უკრაინის სამთავრობო წყარომ Sky News-ს განუცხადა, უკრაინა მზად არის რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმებაზე სასაუბროდ, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ცეცხლი შეწყდება.
აშშ-ის სამშვიდობო წინადადება, რომელიც ფართოდ გავრცელდა მედიაში, მოიცავს რუსეთის მიერ უკანონოდ ანექსირებულ უკრაინის ნაწილის - ყირიმის ნახევარკუნძულზე - კონტროლის აღიარებას.
უკრაინაში ომის დასასრულებლად დონალდ ტრამპის მიერ წარმოდგენილი შვიდპუნქტიანი სამშვიდობო გეგმა მოიცავს შემდეგ წინადადებებს:
• აუცილებელია უკრაინაში ცეცხლი დაუყოვნებლივ შეწყვეტა;
• აუცილებელია უკრაინასა და რუსეთს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყება;
• აუცილებელია ნატოში უკრაინის გაწევრიანების აკრძალვა;
• აშშ ოფიციალურად აღიარებს რუსეთის სუვერენიტეტს უკანონოდ ანექსირებულ ყირიმის ტერიტორიაზე;
• ამჟამინდელი ფრონტის ხაზებიდან გამომდინარე, აშშ განიხილავს უკრაინის ოთხ ოკუპირებულ რეგიონზე კონტროლის დე ფაქტო აღიარებას;
• უკრაინამ ხელი უნდა მოაწეროს იშვიათი მინერალების შესახებ ხელშეკრულებას, რაც, სარგებლის სახით, ამერიკულ კომპანიებს საშუალებას მისცემს მონაწილეობა მიიღონ ბუნებრივი რესურსების მოპოვებაში;
• აშშ-მა უნდა გააუქმოს მოსკოვზე დაწესებული სანქციები, როგორც უფრო ფართო შეთანხმების ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს ენერგეტიკულ ინიციატივებზე ორივე ქვეყნის თანამშრომლობას.
"თუკი ამერიკელები ამას მართლა დაჰპირდნენ რუსებს, რატომ იღებენ ისინი ასეთ ჯილდოს ახლა, როცა ცეცხლის შეწყვეტის მცდელობაც კი არ არის? ჩვენ არ ვიცით პასუხი ამ კითხვაზე. აი, ჩვენ გვაქვს რამდენიმე ფუნდამენტალური პუნქტი. პირველი ის არის, რომ სანამ ადამიანები ყოველდღიურად იხოცებიან, უკიდურესად უცნაურია ფოკუსირება სხვა თემაზე, გარდა ცეცხლის დაუყოვნებლივ სრული და უპირობო შეწყვეტისა. მითუმეტეს, აღდგომის პერიოდმა დაგვანახა, რომ ეს შესაძლებელია, რადგან ბრძოლის ინტენსივობა შემცირდა და, პუტინის ბრძანების შესაბამისად, საჰაერო დარტყმები არ განხორციელებულა. მეორე, ჩვენ მზად ვართ, ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ ნებისმიერ ფორმატში განვიხილოთ ყველაფერი. უკრაინა არასოდეს აღიარებს ყირიმს, როგორც რუსეთის საკუთრებას, რადგან ეს ეწინააღმდეგება კონსტიტუციას,’’ - დასძინა უკრაინის სამთავრობო წყარომ.
0
0