
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა მზადაა, ხელი მოაწეროს აშშ-თან მინერალების შეთანხმებაზე.
ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხრეთ აფრიკაში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა აკეთებს ყველაფერს, რასაც პარტნიორები სთავაზობენ.
„ყველაფერს, გარდა იმისა, რაც ჩვენი კანონმდებლობის წინააღმდეგაა“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ რუსეთს სააღდგომო პერიოდში ცეცხლი არ შეუწყვიტავს, მაშინ როდესაც უკრაინამ 30-საათიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დადებული პირობა შეასრულა.
როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ განმარტა, რუსეთზე მეტი ზეწოლაა საჭირო ცეცხლის შეწყვეტის გზაზე წინსვლისთვის.
„ჩვენ ვიბრძვით დამოუკიდებლობისთვის. ეს ჩვენი გადარჩენის საკითხია“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ის ფაქტი, რომ ყველაფრის შემდეგ უკრაინა კვლავ არის მზად, მოსკოვთან მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდეს, კომპრომისია.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ იმედი აქვს, აშშ იქნება ცეცხლის შეწყვეტის გარანტი და დასძინა, რომ არ სურს „კიდევ ერთი გაყინული კონფლიქტის“ ხილვა.
0
0