
არ მიყვარს სიტყვა გაფართოება, რადგან უკრაინას, მოლდოვას, საქართველოს, დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოებს ევროპული პერსპექტივა კი არ სჭირდებათ, რადგან უკვე არიან ევროპული ქვეყნები, არამედ ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა, - ამის შესახებ ბრუგეს ევროპული კოლეჯის დირექტორმა, ევროკომისიის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ფედერიკა მოგერინმა განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირის გაფართოება უნდა განვიხილოთ როგორც კონტინენტის ინტეგრაციის პროცესის სრულყოფა.
„გაწევრიანება დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია და ეს ხდება ძირითადად კანდიდატი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. მჯერა ეს ჯანსაღი და ჭკვიანური პროცესია. ბოლო წელიწადნახევარში გაფართოების მიმართ ევროკავშირში დამოკიდებულება შეცვლილია და ეს კარგად ჩანს დედაქალაქებშიც. გაფართოების ძრავის ხელახლა ჩართვა მნიშვნელოვანია და ევროკავშირის გეოპოლიტიკური ინტერესია. ჩემი აზრით, გაფართოება უნდა განვიხილოთ არა როგორც გაფართოება, არამედ როგორც კონტინენტის ინტეგრაციის პროცესის სრულყოფა. მე არასდროს მომწონდა სიტყვა - გაფართოება. რადგან ეს ნიშნავს, რომ არის ცენტრი და ცენტრი პერიფერიებისკენ ფართოვდება. ევროკავშირი გადის რეინტეგრაციის გზას იმ ქვეყნების ინტეგრაციით, რომლებიც უკვე ევროპული სახელმწიფოები არიან, მაგრამ ჯერ არ არიან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები. ამიტომაც არ მიყვარს სიტყვა გაფართოება, რადგან უკრაინას, მოლდოვას, საქართველოს, დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოებს ევროპული პერსპექტივა კი არა სჭირდებათ, რადგან უკვე არიან ევროპული ქვეყნები, არამედ ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა. ევროკავშირის წევრობა უსაფრთხოების, სტაბილურობისა და მდგრადობის გარანტია მარტო იმ ქვეყნებისთვის არ არის, რომლებიც ორგანიზაციის წევრები არიან, არამედ დანარჩენი მთელი კონტინენტისთვისაა. ჩვენ აღარ უნდა გვქონდეს ვაკუუმი კონტინენტზე და ამის შესაძლებლობა არ უნდა შევქმნათ“, - განაცხადა მოგერინმა.
0
0