06/05/2024
18:12
მსოფლიო
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ უკრაინა არ აღიარებს ვლადიმირ პუტინს რუსეთის ლეგიტიმურ პრეზიდენტად. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
„7 მაისს რუსეთი ვლადიმირ პუტინის ინაუგურაციის ცერემონიას გამართავს. ამ გზით რუსეთის ხელისუფლება ცდილობს მთელ მსოფლიოსა და საკუთარ მოქალაქეებს კანონიერების ილუზია შეუქმნას იმ პიროვნებასთან დაკავშირებით, ვინც რუსეთი აგრესორ სახელმწიფოდ, ხოლო მმართველი რეჟიმი დიქტატურად აქცია“, - ნათქვამია უკრაინის საგარეო უწყების განცხადებაში.
„რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ უკრაინის სუვერენულ ტერიტორიებზე ე.წ. საარჩევნო პროცესის უკანონო ორგანიზება, რომელსაც თან ახლავდა მუქარა, შანტაჟი და იძულება უკრაინის მილიონობით მოქალაქის მიმართ, წარმოადგენდა საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმებისა და პრინციპების უხეშ დარღვევას“, - აღნიშნულია განცხადებაშიო.
„ზემოაღნიშნულიდან და საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ ვლადიმირ პუტინის დაპატიმრების ორდერიდან გამომდინარე, უკრაინა ვერ ხედავს იურიდიულ საფუძველს ვლადიმირ პუტინის რუსეთის დემოკრატიულად არჩეულ და ლეგიტიმურ პრეზიდენტად აღიარებისთვის“, - აღნიშნეს უკრაინის საგარეო უწყებაში.
0
0