04/09/2023
13:46
პოლიტიკა
პარტია „გირჩის“ წევრის, ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, კარგი იქნებოდა, შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი კენჭისყრაზე დამდგარიყო და ყველა დეპუტატს დაეფიქსირებინა თავისი პოზიცია.
„კენჭისყრაზე საკითხი თუ არ დგება „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივით, ჩავთვალოთ, რომ საგამოძიებო კომისია არ შედგება. ეს არის ამ პრობლემის თავიდან მოშორების საკითხი, რომ დისკუსია შედგეს, ამბავი განიუსდება და ამით დასრულდება ყველაფერი. ცხადია, კენჭისყრაზე უბრალოდ არასდროს არ დადგება ეს საკითხი ან მხოლოდ იმ შემთხვევაში დადგება, თუ გარანტირებულად არ ექნება ხმები. რადგან „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვერ შეკრიბა 50 ხმა, ასეთი გამოსავალი იპოვეს. ჩემი აზრით, პირიქით, უკეთესი იქნებოდა, რომ კენჭისყრაზე დაყენებულიყო და ყველას პოზიცია დაეფიქსირებინა, ბოლოს და ბოლოს, უარიც პოზიციაა, მაგრამ რადგან გადაწყვიტეს, რომ კომისიის შექმნას შანსი არ აქვს, ასეთი გზა იპოვეს“, – აღნიშნა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.
პარლამენტის ბიუროს შოვში მომხდარი სტიქიური მოვლენების გამომწვევი მიზეზებისა და მასზე რეაგირების შესწავლის მიზნით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე დადგენილება დღეს წარედგინება. დადგენილების პროექტი ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოამზადა.
ფრაქცია განმარტავს, რომ კომისიამ უნდა გამოიკვლიოს, რატომ არ არსებობდა მონიტორინგის და ადრეული შეტყობინების სისტემები, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა ტრაგედიის ადგილას განვითარებული პროცესების პროგნოზირება და მოსახლეობის დროული გაფრთხილება, მათ შორის, განგაშის სისტემა (Alarm System), რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდებოდა სტიქიის ზონაში მყოფი ადამიანების გაფრთხილება და დროული ევაკუაცია.
0
0