
ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
"ზუგდიდში, ფრანგულ პარკში, სადაც დგას მერაბ კოსტავას და გენო ადამიას ბიუსტები და ასევე, 1924 წელს აჯანყებულ გმირთა მემორიალი, მამია ალასანიას ბიუსტი გაიხსნა, ავტორია მოქანდაკე ზაურ ჯოხაძე, რომელსაც ღვინოც დიდებული სცოდნია.
ვისაც ღვინის ესმის, მის ხელში ქანდაკებაც ცოცხლდებაო, ძველი რაჭული ანდაზა ამბობს.
მამია 6 მაისს გახდებოდა 80 წლის, ათეულობით წელმა გაიფრინა აფხაზეთში ომიდან.
ზუგდიდის მერმა, მამუკა წოწორიამ ვეტერანთა ინიციატივას, ფრანგულ პარკში გმირთა ხეივანი მოეწყოს (საქართველოს ყველა ეროვნული გმირის ბიუსტის დადგმა იგეგმება) ასე გულით რომ შეუწყო ხელი, ნამდვილად დასაფასებელია.
ფრანგული პარკი დადიანების სასახლის პარკის ქვედა ნაწილია და ესეც აქვე მინდა აღვნიშნო, ღონისძიების დაწყებამდე მოვინახულეთ ტერიტორია და გზად ასეთ სცენას გადავეყარეთ - სასახლის დრენაჟი გაიჭედა და მერის მოადგილე, ახალგაზრდა კაცი, ნიჩბით თხრიდა მუშებთან ერთად მიწას.
რომ გამოველაპარაკეთ, უკარგესი ამბავი გავიგეთ, აშშ-ის საელჩოს 300 000 დოლარი გადაუცია დადიანების სასახლის რესტავრაციისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ ძეგლი გადარჩება. მეგრელების იმედი კი მაქვს, რომ კარგ რესტავრატორებს მოიწვევენ და სიყვარულით მოექცევიან სასახლეს.უდიდესი მადლობა ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო მამიას დაფასებაში და უდიდესი მადლობა ყველას, ვინც დაესწრო ღონისძიებას, მეგობარი, ნათესავი, თუ ოფიციალური პირი", წერს ფანჯიკიძე.
როგორც ცნობილია, ეროვნული გმირის, მამია ალასანიას ძეგლი ზუგდიდში რამდენიმე დღის წინ გაიხსნა.
0
0