09/02/2022
12:01
პოლიტიკა
„ოთხი წლის განმავლობაში, 4 200 სამართალდარღვევა გამოვავლინეთ და გამოვწერეთ 82 მლნ ლარის ოდენობის ჯარიმა, მაშინ, როდესაც წინა ხელისუფლების პერიოდში 3 500 დარღვევა გამოვლინდა და მხოლოდ 11 მლნ ლარის ოდენობის ჯარიმა დაიწერა. 2014-2017 წლებში, 3 400 დარღვევა გამოვლინდა და დაიწერა 19 მლნ ლარის ოდენობის ჯარიმა. შესაბამისად, ქალაქში უკანონო მშენებლობებთან დაკავშირებით კრიტიკას არ მივიღებთ. ჩვენ ყველა შესაძლო საშუალებას მივმართეთ ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად და მომავალშიც ამ მიმართულებით ყველაფერს გავაკეთებთ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
კახა კალაძემ აღნიშნა, რომ 4 წლის განმავლობაში, არცერთი უკანონო მშენებლობა რეაგირების გარეშე არ დარჩენილა.
„კარგად იცით, რომ მერიაში ჩემი მოსვლის დღიდან, არაერთი ღონისძიება გავატარეთ უკანონო მშენებლობების წინააღმდეგ: განვახორციელეთ ზედამხედველობის სამსახურის რეფორმა და მის ბაზაზე შევქმენით მუნიციპალური ინსპექცია, რომელიც აღიჭურვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით; გავზარდეთ ჯარიმები დარღვევებზე - 3 000-დან 12 000 ლარამდე იყო ჯარიმების ოდენობა კატეგორიების მიხედვით და ის 50 000 ლარამდე გავზარდეთ, თუმცა, მაინც ვაწყდებოდით პრობლემას. რადგან მოგების ნაწილში საკმაოდ დიდ თანხებზეა საუბარი, ამ მშენებლებს ალბათ უღირდათ ჯარიმების გადახდა და მშენებლობის უკანონოდ გაგრძელება. ამიტომაც, შემოვიღეთ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, სამომავლოდ უკანონო მშენებლობების პრობლემას მოაგვარებს. თუმცა აქვე აღვნიშნავ, რომ ჩვენი მხრიდან არცერთი უკანონო მშენებლობა არ დარჩენილა რეაგირების გარეშე“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის მერია მუშაობს ცვლილებაზე, რომლის მიხედვითაც, უკანონო მშენებლობის შემთხვევაში, იურიდიული სამსახურის გამოცემულ აქტს ობიექტებზე განათავსებენ და კომპანიის მიერ გადაწყვეტილების არჩაბარება აღსრულებას ვეღარ შეაფერხებს.
0
0