
17 წლის წინ ვაჟკაცმა ბიჭებმა რუსეთს ქვეყნის ოკუპაციის უფლება არ მისცეს, თუმცა 17 წლის თავზე ვნახეთ, როგორ ასამართლებს რეჟიმი გმირებს, იძახის, რომ ეს ყველაფერი თურმე პიარისთვის იყო, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო უნდა გათავისუფლდეს იმ ოკუპაციისგან, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ახდენს თავის რუსულ დაჯგუფებასთან ერთად.
„17 წელი გავიდა, როდესაც ეს ვაჟკაცი ბიჭები ჩვენი ქვეყნის მტრებს, რუსებს ეკვეთნენ და არ მისცეს შესაძლებლობა, რომ ჩვენი ქვეყანა ყოფილიყო ოკუპირებული. სამწუხარო რეალობაა, რომ 17 წლის შემდეგ ივანიშვილის რეჟიმმა მოახერხა პუტინთან ერთად და მთელი საქართველო აქვს ოკუპირებული დღეს რუსულ ხელისუფლებას. თუმცა, ისიც უნდა გვესმოდეს, რომ ამ ბიჭების სისხლმა უკვალოდ არ უნდა ჩაიაროს და საქართველო აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს ამ ოკუპაციისგან, რომელსაც ივანიშვილი აკეთებს თავის რუსულ დაჯგუფებასთან ერთად საქართველოში.
17 წლის თავზე კიდევ ერთხელ ვნახეთ, როგორ ასამართლებს რეჟიმი გმირებს, როგორ იძახის, რომ ეს ყველაფერი თურმე პიარისთვის იყო. არა მათი ღვაწლის დაფასება, არამედ, ფაქტობრივად, გენერლების გასამართლებით დაგვამახსოვრა თავი იმ ღალატის კომისიამ, რომელსაც წულუკიანის კომისია ჰქვია. ეს ხალხი ეცადა აბსოლუტურად ყველაფერს, გენერლებს ეკითხებოდნენ, საიდან ისროდით? რუსებს ბალისტიკურ რაკეტებს ესროდით? მე რომ უფლება მომცეთ, პუტინის რეზიდენციაში ჩავაგდებდი ბალისტიკურ რაკეტას იმისთვის, რაც მან არა მარტო ქართველებს და საქართველოს მოქალაქეებს გაუკეთა, არამედ რასაც აკეთებს მსოფლიოში ტერორისტული მოქმედებებით. ამიტომ ჩვენ ამ 17 წლის თავზე გვაქვს უკომპრომისო ბრძოლა რეალურ რუსულ ხელისუფლებასთან და ამ ბიჭების ხსოვნის პატივსაცემად, ამ ბიჭების სულებისთვის ჩვენ ვალდებულები ვართ, ვიბრძოლოთ გამარჯვებამდე. მოვუწოდებ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რომ დავდგეთ ერთად და დავრჩეთ ერთად“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
0
0