15/03/2023
10:32
პოლიტიკა
კარგად ვიცით, როგორ ძალიან სურთ ქართველებს ევროკავშირში გაწევრიანება, მაგრამ დღეს საქართველოს აქვს პრობლემა ამ სტრატეგიული მიზნის მიღწევაში. ამ პრობლემის სახელი ბიძინა ივანიშვილია, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა.
მისივე თქმით, „სამწუხაროდ, ფორმალური და არაფორმალური ხელისუფლების წევრები ერთიანი არიან ტაქტიკაში, რომ ახალი პრობლემები შექმნან საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე“.
„სწორედ ამიტომ არიან მიხეილ სააკაშვილი და ნიკა გვარამია ციხეში და სწორედ ამიტომ გავხდით უცხოელი აგენტების შესახებ ისტორიის თვითმხილველები. უცხოელი აგენტის კანონის ინიციატივა იყო საქართველოს მთავრობის მიერ განზრახ მოწყობილი პროვოკაცია, რაც მიმართული იყო ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ხელისუფლების ეს ქცევა აბსოლუტურად ეწინააღმდეგება იმას, რასაც ევროკავშირი ითხოვს საქართველოსგან, ანუ პოლიტიკური ცხოვრების დეპოლარიზაციას. ძალიან კარგია, რომ ქართველმა ხალხმა შეძლო, დაეცვა საკუთარი გზა ევროპული ინტეგრაციისკენ, მაგრამ ჩვენ არ უნდა ვიყოთ მიამიტები, ეს არ არის მთავრობის უკანასკნელი პოლიტიკური და ანტიევროპული პროვოკაცია. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა გააკეთა მნიშვნელოვანი განცხადება. ვციტირებ: „ჯობს, ევროპარლამენტმა თავის თავს მიხედოს, ევროპარლამენტარები არიან კორუფციულ სკანდალში გახვეულები, მათი მიზანი იყო საქართველოს ჩათრევა ომში და მისი უკრაინასთან ერთად განადგურება“. კრემლს უნდა შურდეს ასეთი პროპაგანდის, მაგრამ ამას არ მივყავართ კანდიდატის სტატუსამდე, თუმცა ჩვენ განვაგრძობთ ქართველი ხალხის გვერდით დგომას“, – განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა ევროპარლამენტში საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ გამართული დებატების დროს.
0
0